დონარუმას სასურველი ნომრის არჩევის უფლება არ მისცეს
ჯიჯი დონარუმა 99-ნომრიან მაისურს ვერ მოირგებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია საშუალებები ავრცელებენ.
ნომრის შერჩევისას, დონარუმამ უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო და 99-ნომრიანი მაისური ისურვა. აღსანიშნავია, რომ ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც ქალაქელთა რომელიმე მოთამაშე ამ ნომრით ითამაშებდა, თუმცა, მალევე გახდა ცნობილი, რომ კიპერს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა.
პრემიერ ლიგის რეგულაციებიდან გამომდინარე, ახალწვეულს შესაძლებლობა აქვს, რომ კლუბში არსებულ ყველაზე მაღალ ნომერთან მაქსიმალურად მიახლოებული ნომერი აირჩიოს. გამონაკლისი მხოლოდ აკადემიის ფეხბურთელებზე დაიშვება და ამის ნათელი მაგალითი ჯეიმს მაკთი არის, რომელსაც მანჩესტერ სიტიში 87-ნომრიანი მაისური ეცვა.
Our new signing, @donnarumma will wear the number 25 shirt 👕
— Manchester City (@ManCity) September 2, 2025
მანჩესტერ სიტის რიგებში დონარუმა 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც გუნდიდან მანუელ აკანჯის წასვლის შემდეგ ვაკანტური გახდა. იტალიელი კიპერის დებიუტი პრემიერ ლიგის მე-4 ტურში, 14 სექტემბერსაა მოსალოდნელი, როდესაც სიტი იუნაიტედს უმასპინძლებს.