დინამო თბილისში ცვლილებებია | რას უნდა ველოდოთ?
3 წლის წინ
ფეხბურთი
7 წთ
დღევანდელი ვითარება
შეიძლება ითქვას, რომ "დინამო თბილისი" საქართველოში ერთადერთი გუნდია, რომელსაც მაღალ დონეზე გამართული ინფრასტრუქტურა აქვს (იგულისხმება სამეული: ბავშვთა აკადემია, ბაზა, სტადიონი), რომლის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის დიდი თანხაა დახარჯული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ფუნდამენტი, რომელზეც მომავალი გამარჯვებების დაშენებაა შესაძლებელი და გაკვირვებას უნდა იწვევდეს ის ფაქტი, რომ თბილისური კლუბს უფრო დაბალი დონის ევროპოულ კლუბებთან პაექრობა უჭირს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გუნდის გაძლიერებისთვის თანხა კერძო პირის მხრიდან იხარჯება და ამაში სახელმწიფო არ მონაწილეობს. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით ყველა უკმაყოფილოა - როგორც ნათქვამია "ანიდან ჰოემდე".კახა ცხადაძის ფაქტორი
მიმდინარე წელს, გუნდის მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა. ყოველგვარი მიკერძოებულობის გარეშე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცხადაძე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, რომელსაც ზურგს საფეხბურთო და სამწვრთნელო გამოცდილება ერთად უმაგრებს. ერთ დღეში არაფერი შენდება და ყველაზე მეტად, მას ნდობის გამოცხადება სჭირდებოდა.ევროტურნირების შესარჩევ ეტაპზე წარუმატებლად ასპარეზობის მიუხედავად, ცხადაძეს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ეს ცალსახად სწორი გადაწყვეტილება იყო: ცხადაძემ გუნდი უმძიმეს პერიოდში ჩაიბარა და თუკი ორიენტირი პროგრესისკენაა მიმართული, მთავარ მწვრთნელს ნდობა და გუნდთან დაახლოება სჭირდება, რათა "დინამო თბილისი", როგორც ერთიანი ცოცხალი ორგანიზმი, მისი იდეების ირგვლივ განვითარდეს. ფეხბურთელებმა მის მიდგომებს ალღო უნდა აუღონ და გუნდში მხოლოდ ისინი უნდა დარჩნენ, ვისაც ცხადაძე დაეყრდნობა.
ბორდის ჩამოყალიბება - მეტი დეცენტრალიზაცია
ცნობილი იყო, რომ პრობლემების მოსაგვარებლად, რომან ფიფიას გუნდის აღმასრულებელ დირექტორთან, ზაზა დოლიძესთან ერთად, ე.წ. "ბორდის" ჩამოყალიბება სურდა. აღნიშნულის მიზანი მხოლოდ ერთი იყო: გუნდში უნდა ჩამოყალიბებულიყო რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება და გუნდის მშენებლობის პროცესში, მეტი გადაწყვეტილების მიმღები პირი ჩაერთვებოდა - მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველას თავისი საქმე ექნებოდა. მაგალითისთვის, მწვრთნელს სპორტული დირექტორის ფუნცქიების შეთავსება აღარ მოუწევდა. ცვლილებების პირველი ეტაპი დაწყებულად შეგვიძლია გამოვაცხადოთ: გასულ კვირას, “დინამო თბილისმა” დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე, საზოგადოებას კლუბის ახალი სპორტული დირექტორი, ალექსანდრე რეხვიაშვილი წარუდგინა.უკვე 10 წელია, რაც “დინამოში” ვარ და თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ საწყისი წლები, თუ რამდენი კრიტიკა მოყვა აკადემიის მშენებლობას, რომელმაც უკვე თავისი სიტყვა თქვა. ამ ბოლო წლების განმავლობაში, ისეთი ორი გამოცდილი სპეციალისტი, როგორიც კახა ცხადაძე და ალექსანდრე რეხვიაშვილია, ერთბაშად არ გვყოლია. მინდა ხაზგასმით ერთი რამ აღვნიშნო, 10 წლის განმავლობაში არცერთი მწრვთნელისთვის კონკრეტული ფეხბურთელის თაობაზე შენიშვნა არ მიმიცია, თუმცა პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ამიტომ მიწევდა გადაწყვეტილების მიღება. ახლა ძალაუფლება საუკეთესო პროფესიონალებს გადავეცი და ისინი ამ საქმეს თავს უკეთ გაართმევენ“, – განაცხადა რომან ფიფიამ.
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს ფიფიას სიტყვებს ცხადაძეც ადასტურებს: Live.ge-სთან საუბრისას მან ხაზგასმით განაცხადა, რომ შესაძლოა გადაწყვეტილებამ დააგვიანა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, გუნდში ახალი პროფესიონალების გამოჩენა და გადაწყვეტილების მიმღები პირების რაოდენობის ზრდა პროგრესული ნაბიჯია. ცხადაძისა და რეხვიაშვილის თანამშრომლობას, რომან ფიფიამ, ბოლო 10 წლის განმავლობაში საუკეთესო პროფესიონალების ტანდემი უწოდა, რაც უდავოდ, ხმამაღალი განაცხადია. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ მათ აზერბაიჯანში, ბაქოს "ინტერში" ერთად აქვთ ნამუშევარი. ამის შემდეგ, რეხვიაშვილმა საქმიანობა სოლიგორსკის "შახტიორში" გააგრძელა და სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა "ბატეს" ჰეგემონიის დამხობა და "შახტიორის" გაჩემპიონება.
კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მთავარი აქცენტი “დინამო თბილისის” აკადემიაზე გაკეთდება: “კონკრეტულ საკითხებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ამას დრო გვაჩვენებს. მთავარი აქცენტი აკადემიის ფეხბურთელებზე გაკეთდება, იმაზე, რომ მათ ყველა საფეხური წარმატებით გაიარონ და ჩვენი ბიზნეს-პროექტის წარმატებული ნაწილი გახდნენ. დეტალებზე, მოგვიანებით, კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ”.