Belive

დინამო თბილისის ყველა ტიტული და ისტორიის განხილვა საბჭოთა კავშირის პერიოდში

4 წლის წინ ფეხბურთი
14 წთ
საქართველოს 16-გზის ჩემპიონი, დინამო თბილისი, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. დინამო თბილისის ტიტულები ათვლას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან იწყებს და დამოუკიდებელი საქართველოს ეპოქაშიც გრძელდება. პირველი ტიტული თბილისელებმა 1936 წელს მოიგეს, ეს საბჭოთა კავშირის მეორე დივიზიონი იყო. ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ დინამო თბილისის ტიტულების ისტორიას საბჭოთა კავშირის პერიოდში და ყველაზე საინტერესო წლების შესახებ გიამბობთ, (შემდეგი სტატია იქნება დამოუკიდებელი საქართველოს ეპოქაში მოგებული ტიტულების შესახებ) - მაშ ასე:

მეორე დივიზიონი

როგორც ზევით მოგახსენეთ, პირველი ტიტული დინამო თბილისმა, 1936 წელს მოიპოვა, დაარსებიდან 11 წელიწადში. საბჭოთა კავშირის მეორე დივიზიონში იმ დროს 7 გუნდი გამოდიოდა, შედეგად თბილისელებს მხოლოდ 6 მატჩის ჩატარება მოუწიათ, აღსანიშნავია რომ ქართული კლუბი იყო ერთადერთი, რომელმაც არცერთი შეხვედრა არ დათმო. დინამოელებმა 5 მატჩი მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს, ისიც პირველ ტურში, მოსკოვის "სტალინეცთან". საერთო ჯამში დინამომ მეტოქეებს 19 გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი 4 მიიღო. ჩემპიონატში ყველაზე მეტი, 7 გოლი ორმა ფეხბურთელმა გაიტანა, აქედან ერთ-ერთი ბორის პაიჭაძე იყო, რომელმაც 7 გოლის თავმოყრა 5 შეხვედრაში შეძლო, კონკურეტნმა სიმიონოვმა კი, ამდენივე გოლი 7 მატჩში გაიტანა. დინამოელებმა ორი მატჩი მოიგეს დიდი ანგარიშით, გათამაშების მეორე ტურში, მათ თბილისში დნეპროპეტროვსკის "დინამო" 5:0 დაამარცხეს, ბოლოსწინა ტურში კი გასვლაზე პეტერბურგის "სპარტაკი" 1:6 გაანადგურეს.

საბჭოთა კავშირის თასი

აღსანიშნავია, რომ 1936 წელს დინამომ, საბჭოთა კავშირის თასის ფინალშიც ითამაშა, თუმცა 28 აგვისტოს გამართული მატჩი თბილისელთა მარცხით დასრულდა, მოსკოვის "ლოკომოტივმა" ქართულ გუნდს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. აღსანიშნავია რომ 1937 წელს, დინამო კვლავ გავიდა თასის ფინალში, თუმცა ამჯერად მეორე მოსკოვურ გუნდთან, მოსახელე "დინამოსთან" 5:2 დამარცხდა. აღსანიშნავია რომ ამ მატჩში დაწინაურება თბილისელებმა შეძლეს, მატჩის მე-19 წუთზე თავი ვლადიმერ ბერძენიშვილმა გამოიჩინა, თუმცა 2 წუთში მეტოქემ გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაგვიტანა, ზუსტად 1 წუთში კი მოსკოველები წინ გავიდნენ. დინამოელებმა მეორე გოლი მე-60 წუთზე ასევე პენალტიდან გაიტანეს, თავი ამჯერად მიხელ ბერძენიშვილმა გამოიჩინა და ანგარიში 3:2 გახდა, თუმცა 72-ე და 75-ე წუთებზე, რუსებმა საბოლოოდ გაგვტეხეს და საბოლოო ანგარიში 5:2 დააფიქსირეს. არადა ამ თასისთვის ბრძოლაში 125 გუნდი მონაწილეობდა და დინამო თბილისი ორჯერ ზედიზედ აღმოჩნდა ფინალში. თასზე წარუმატებლობა დინამო თბილისს თან სდევდა, ზედიზედ წაგებული ორი ფინალის შემდეგ, თბილისელები ზედიზედ ორჯერ ნახევარფინალური ეტაპიდან გამოვარდნენ, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირის თასი, მეორე მსოფლიო ომის გამო 3 წლის განმავლობაში აღარ ტარდებოდა. გათამაშება 1944 წელს აღდგა და თბილისელები  მერვედფინალიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას, მომავალ წელს კი უკვე მეოთხედფინალიდან. 1946 წელს დინამო თბილისი კიდევ ერთხელ გადის ფინალში და თასთან ახლა უფრო ახლოსაა ვიდრე წინა წლებში, თუმცა ამჯერად ქართული კლუბი მოსკოვის "სპარტაკთან" დამატებით დროში დამარცხდა, გადამწყვეტი გოლი 99-ე წუთზე ტიმაკოვმა გაიტანა. არადა მატჩის განმავლობაში დინამო იგებდა კიდეც, მე-9 წუთზე რუსთა გატანილ გოლს მე-15 წუთზე ღოღობერიძემ უპასუხა, 22-ეზე კი ანთაძემ. მოსკოველებმა ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრეს, უგოლო მეორე ტაიმის შემდეგ კი მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც ერთადერთი გოლი რუსებმა გაიტანეს. ამ ფინალის წაგებიდან 14 წელი, დინამო თბილისი თასზე ხან მეოთხედფინალიდან ვარდებოდა, ხან მერვედფინალიდან და ნახევარფინალიდანაც კი, მანამ სანამ 1959/60 წლების სეზონში კიდევ ერთხელ არ გააღწია ფინალში. მეტოქე ამჯერადაც მრისხანე იყო, საბჭოთა კავშირის მოქმედი ჩემპიონი "ტორპედო" - მატჩი, რომლის მიმოხილვასაც გთავაზობთ საკმაოდ დრამატული გამოდგა. მეათე წუთზე მოსკოველებმა პენალტი გამოიყენეს, რასაც 26-ე წუთზე ბარქაიამ უპასუხა, 54-ე წუთზე მოსკოველები კვლავ წინ გადიან, 4 წუთში კი დინამოელები ზაურ კალოევის გოლით კვლავ ათანაბრებენ, 67-ე წუთზე რუსები უკვე მესამედ გადიან წინ, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე კი თენგიზ მელაშვილი მესამედ ათანაბრებს ანგარიშს. დაინიშნა დამატებითი დრო, ყველაფერი თითქოს თერთმეტმეტრიანების სერიისკენ მიდიოდა, თუმცა ასე არ ფიქრობდა ფორტუნა, რომელიც უკვე მეოთხედ აქცევდა ზურგს ქართველ ფეხბურთელებს. პენალტების სერიის დანიშვნამდე რამდენიმე წამით ადრე, საჯარიმოს მისადგომებთან ბურთს ტორპედოელი ივანოვი იღებს და ზუსტი დარტყმით მეოთხედ და უკანასკნელად გაყავს "ტორპედო" წინ, 120-ე წუთზე!  

  საბჭოთა კავშირის თასზე უიღბლობა გრძელდებოდა, თუმცა შიდა ჩემპიონატში დინამოს საქმეები უკეთესად ჰქონდა, თუმცა ჩემპიონატის შესახებ ცოტა ქვემოთ, ჯერ კიდევ თასის რამდენიმე ფინალია დარჩენილი. 1970 წლამდე თბილისელები თასზე კვლავ ნახევარ, მეოთხედ ან მერვედფინალებიდან ვარდებოდნენ, 1970 წელს კი კვლავ გავიდნენ ფინალში. გუნდში ამ პერიოდში უკვე თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც იყვნენ: ხურცილავა, მაჩაიძე, ასათიანი, ხინჩაგაშვილი და ა.შ. ფინალი 8 აგვისტოს, მოსკოვში შედგა, დინამო თბილისი მოსკოვის "დინამოს" დაუპირისპირდება და მეხუთე ფინალიც წააგო, ამჯერად 2:1.

(დინამო თბილისი ზოლიან მაისურებში)

  მომდევნო ხუთი წელი კვლავ იგივე წრე ტრიალებდა, 2 მეოთხედფინალი, 1 მერვედფინალი და 2 ნახევარფინალი, მომდევნო 1976 წელი კი წყევლის მოხსნის წელი გახდა. მეთექვსმეტედფინალში, თბილისელებმა "მეტალურგი" პენალტების სერიაში დაამარცხეს, შემდეგ სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი" 3:0 გაანადგურეს, "კარპატს" 2:1 სძლიეს, ნახევარფინალში დონეცკის "შახტარი" დაამარცხეს ანგარიშით 2:0, ფინალში კი ერევნის "არარატი" ელოდათ.. ფინალი 3 სექტემბერს, მოსკოვში გაიმართა და იგი ქართველთა სრული დომინაციით მიმდინარეობდა. თუმცა მატჩის პირველი სახიფათო მომენტი სომხებმა შექმნეს, მიმოხილვაში იხილეთ თუ როგორ გადარჩა დინამო თბილისი გაშვებულ გოლს. თბილისელებმა ერევნელებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და მეექვსე ცდაზე სანუკვარ ჯილდოს შესწვდნენ. გოლები ყიფიანმა, ქანთელაძემ და ჩელებაძემ გაიტანეს. იხილეთ მიმოხილვა:  

  მომდევნო ტრიუმფი დინამო თბილისს მალევე ელოდა, ამ გამარჯვებიდან სამი წლის შემდეგ დინამო თბილისი კვლავ გადის ფინალში და კვლავ იგებს მას. მეოთხედფინალამდე ქართული გუნდი მარტივად გავიდა, მეოთხედფინალში "კრილია სოვეტოვი" 2:0 დაამარცხა, ნახევარფინალში მოსკოვის "ცსკას" ბარიერი დამატებით დროში დაძლია, 92-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი დავით ყიფიანმა გაიტანა.  ფინალი 11 აგვისტოს, რა თქმა უნდა მოსკოვში შედგა, დინამოს წინააღმდეგ ადგილობრივი "დინამო" თამაშობდა. 120 წუთი უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი ნამდვილი დრამა გათამაშდა. პირველივე თერთმეტმეტრიანი დავით ყიფიანმა გააფუჭა, რასაც მოსკოველთა გაცუდებული პენალტი მოჰყვა, მახოვიკოვს გაბელიამ აჯობა, თბილისელთაგან მეორე ბურთთან გუცაევი მივიდა, თუმცა ვერც მან გაიტანა, რუსთაგან კი მაკსიმენკომ გაიტანა და 2-2 პენალტის შემდეგ ანგარიში 1:0 იყო, მოსკოველთა სასარგებლოდ. მესამე დინამოელთაგან ბურთთან ჩივაძე მივიდა და ნავსი გატეხა, პეტრუშინს კი გაბელიამ აჯობა და 3 პენალტის შემდეგ ანგარიში 1:1 გახდა, მეკარეების ანგარიშზე ორ-ორი სეივი იყო. დარასელიამ, შენგელიამ, მაჩაიძემ პენალტები ზუსტად შეასრულეს და მათ არც მოწინააღმდეგე ჩამორჩა, ბოლო პენალტი ქართველთაგან სულაქველიძემ გაიტანა, თენგიზის შემდეგ ბურთთან ვალერი გაზაევი მივიდა და ოთარ გაბელიას სეივმა დინამოს თასი მოაპოვებინა.  

  მომავალ წელს დინამო თბილისი კვლავ გადის ფინალში (მერვედ) და ამჯერად დონეცკის "შახტართან" ანგარიშით 1:2 მარცხდება. გადამწვეტი გოლი უკრაინელებმა 84-ე წუთზე გაიტანეს. საბჭოთა კავშირის დაშლამდე დინამო თბილისი თასის ფინალში აღარ გასულა, ჩატარებული რვა ფინალიდან თბილისელებმა ორი მოიგეს და 6 წააგეს. საბჭოთა კავშირის თასის ბოლო გათამაშებიდან კი 1/16 ფინალიდან გამოვარდნენ და სამუდამოდ დაემშვიდობნენ ამ თასს, რომელიც ისტორიაში ორჯერ მოიპოვეს, ახლოს კი უამრავჯერ იყვნენ.  

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ყველა ქვეყანაში, თასზე მნიშვნელოვანი შიდა ჩემპიონატია, ასე იყო საბჭოთა კავშირშიც. დინამო თბილისმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა თასის მსგავსად ორჯერ მოიპოვა, თუმცა აქ მეტი თავგადასავალი იყო. 1936 წელს როდესაც თბილისელებმა მეორე დივიზიონი მოიგეს, ისინი პირველ დივიზიონში აღზევდნენ და მას შემდეგ იქ დაიმკვიდრეს ადგილი. პირველივე სეზონი რომელიც თბილისელებმა უმაღლეს ლიგაში ჩაატარეს ბრინჯაოს მედლით დასრულდა, ქართული გუნდი გათამაშების გამარჯვებულს, მოსკოვის "სპარტაკს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა, მეორეადგილოსან დინამო მოსკოვს კი მხოლოდ გოლებით. აღსანიშნავია რომ გათამაშების მეორე ტურში თბილისელებმა მომავალი ჩემპიონი გასვლით მატჩში დაამარცხეს. 1939 და 1940 წლებში დინამო ზედიზედ ორჯერ გადის მეორე ადგილზე, თუმცა ამ შემთხვევაში ჩემპიონთან ჩამორჩენა შესაბამისად 4 (1939) და 2 (1940) ქულაა. 1946 და 1947 წლები დინამომ კვლავ მესამე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონობა კვლავ გადაიდო. 1950 წელს დინამო თბილისი კვლავ მესამე ადგილზე გადის, ამჯერად ჩამორჩენამ 6 ქულა შეადგინა უფრო ნაკლები ვიდრე მომავალ წელს. 1951 წელს დინამო თბილისს 7 ქულა დააკლდა ჩემპიონობამდე და მეორე ადგილი დაიკავა. 1953 წელს დინამო თბილისი კვლავ მეორე ადგილზე გადის და ამჯერად ჩემპიონს ორი ქულით ჩამორჩება. სამწუხაროდ ჩემპიონ "სპარტაკთან" დინამომ ერთი მატჩი წააგო, მეორე კი ფრედ დაასრულა და სწორედ ეს აღმოჩნდა მეორე ადგილის მიზეზი. 1959 წლამდე დინამო ცხრილის შუაგულში ბინადრობდა, 59-ში კი კვლავ ბრინჯაოს დასჯერდა, ჩემპიონთან ჩამორჩენამ 4 ქულა შეადგინა. შემდეგი ბრინჯაო დინამოს ანგარიშზე 1962 წელს ჩაიწერა, როდესაც ჩამორჩენამ ისევ 4 ქულა შეადგინა. და დადგა ნანატრი 1964 წელი, დინამო თბილისმა და მოსკოვის "ტორპედომ", ჩატარებულ 32 მატჩში ჩემპიონი ვერ გამოავლინეს (თანაბარი ქულების შემთხვევაში პლეი-ოფის მატჩი ტარდებოდა) და საჭირო გახდა ფინალური მატჩის ჩატარება. ფინალურ მატჩს ტაშკენტმა უმასპინძლა და დინამო თბილისი პირველად გაჩემპიონებისთვის ემზადებოდა. 1964 წლის 18 ნოემბერი, ტაშკენტი.. 56-ე წუთზე მოსკოველთა შეტევა გოლით გვირგვინდება, თავი შერბაკოვმა გამოიჩინა, 73-ე წუთზე დათუნაშვილმა გოლი კუთხურიდან ჩაახვია და ანგარიში გაათანაბრა. მატჩში დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც დინამოელებმა მეტოქე უბრალოდ გაანადგურეს, დათუნაშვილმა, მესხმა და მეტრეველმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა პირველად იზეიმეს.  

  შემდეგი საპრიზო ადგილი 1967 წელზე მოდის, დინამოელებმა კვლავ ბრინჯაოს მედლები მოიგეს, თუმცა ჩემპიონს გვარიანად ჩამორჩნენ. 1969 წელს თბილისელებმა კიდევ ერთხელ მოიგეს ბრინჯაოს მედლები, რასაც 1971 და 1972 წელს მოპოვებული იგივე სინჯის მედლები დაემატა. ყველა ამ შემთხვევაში ჩამორჩენა 5-დან 9 ქულამდე მერყეობდა. 1976 წელს, დინამოს ისტორიაში ოქროს ხანა იწყება, რამაც თავისი შედეგები შიდა ჩემპიონატშიც დადო (თასი და ჩემპიონატი) 1976 წელს ორი ჩემპიონატი ჩატარდა, გაზაფხულისა და შემოდგომის, ორივე შემთხვევაში დინამომ მესამე ადგილი დაიკავა. გაზაფხულზე ჩამორჩენა 4, შემოდგომაზე კი 3 ქულა იყო. მომდევნო წელს დინამო ერთი საფეხურით დაწინაურდა და ვერცხლის მედლებს შეწვდა, ჩემპიონი კი +4 ქულით დინამო კიევი გახდა. თუმცა 1978 წელს დინამო თბილისი კიდევ ერთი საფეხურით დაწინაურდა და ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა. ამჯერად კიეველები გავიდნენ მეორე ადგილზე და დინამომ მათ 4 ქულით გაუსწრო, შეგვიძლია ვთქვათ რომ წინა წლის შედეგზე სრულად იძია შური. დინამო თბილისმა ჩემპიონობა შინაურ კედლებში ცსკას 4:1 დამარცხების შემდეგ აღნიშნა  

  ბოლო ბრინჯაო დინამომ ლეგენდარულ 1981 წელს მოიპოვა, თუმცა მაშინ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში დაკავებული მესამე ადგილი თასების მფლობელთა თასის მოგებამ გადაფარა. საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ჩემპიონატი, დინამო თბილისმა მე-11 ადგილზე დაასრულა.   შემდეგ იხილავთ: დინამო თბილისი ევროთასებზე საბჭოთა კავშირის დროს დინამო თბილისის ტიტულები საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ დინამო თბილისის ასპარეზობა ევროთასებზე დამოუკიდებლობის შემდეგ

სხვა სტატიები