Belive

დღის Preview | ევრო 2024 იწყება

2 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

დღეს, 14 ივნისს, ევრო 2024 ჩინებული მატჩით იწყება. ტურნირის მასპინძელი და ფარული ფავორიტი გერმანიის ნაკრები, ალიანც არენაზე, შოტლანდიას დაუპირისპირდება.

მიჩნეულია, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საუკეთესოდ ორგანიზებული მუნდიალია და საინტერესოა, ამჯერად რით გააკვირვებს ევროპის ჩემპიონატის 3-გზის გამარჯვებული (1972, 1980, 1996) საფეხბურთო სამყაროს. უფრო დიდი ინტრიგა შემდეგია - შეძლებს თუ არა გერმანიის ნაკრები 2014 წლის ტრიუმფის შემდეგ დაწყებული ვარდნის შეჩერებას და საფეხბურთო კვარცხლბეკზე დაბრუნებას?

გერმანიის ნაკრებს იულიან ნაგელსმანი ხელმძღვანელობს - ახალგაზრდა, 36 წლის სპეციალისტი, რომელსაც ბუნდესნაკრებმა ჰანსი ფლიკის წასვლის შემდეგ სრული ნდობა გამოუცხადა. ნაგელსმანის 1-წლიანი ურთიერთობა ნაკრებთან სახარბიელო ნამდვილად არ ყოფილა: გუნდმა 8 მატჩიდან მხოლოდ 4-ის მოგება შეძლო, თუმცა ნიდერლანდებისა და საფრანგეთის დამარცხების შემდეგ, გაჩნდა იმედი, რომელსაც საფუძველი ნამდვილად გააჩნია - ამის პასუხი კი დაბალანსებული, გამოცდილი, გამარჯვების მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელებით სავსე შემადგენლობაში უნდა ვეძებოთ.

მეორე მხრივ, საბრძოლო განწყობაზე იმყოფება შოტლანდიის ნაკრები, რომელმაც გამარჯვებების რაოდენობას საგრძნობლად მოუმატა და ჯგუფიდან გასვლის პრეტენზიას თამამად აცხადებს. ალბათ კარგად გახსოვთ - საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჯგუფიდან გასასვლელად, შოტლანდიელები საქართველოს ნაკრებთან ერთად ასპარეზობდნენ და ამ გზაზე, მათ ესპანელების, ნორვეგიელების, კვიპროსელებისა და ვილი სანიოლის გუნდის დამარცხება მოახერხეს (8 მატჩი, 5 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი).

სენსაციური იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, სკოტ მაკტომინეის შედეგი - მან 7 გოლის გატანა მოახერხა, ეს კი იმ ფონზე, როდესაც საკლუბო კარიერაში, "მანჩესტერ იუნაიტედში", მხოლოდ 8 გოლი აქვს გატანილი. შოტლანდიელები მეორე სართულზე განსაკუთრებით სახიფათოები არიან და ნაგელსმანი სწორედ ამ კომპონენტს უფრთხის.

მატჩის მთავარი მსაჯი ფრანგი კლემან ტიურპენია - გამოცდილი სპეციალისტი რომელმაც 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ("ლივერპული" Vs. "რეალი") იმსაჯა.

სავარაუდო შემადგენლობა

გერმანია: ნოიერი; კიმიხი, რუდიგერი, ტა, მიტელშტედტი; ანდრიხი, კროოსი; მუსიალა, გიუნდოგანი, ვირცი; ჰავერცი

შოტლანდია: განი; პორტეუსი, ჰენდრი, ტირნი; რალსტონი, მაკტომინეი, მაკგრეგორი, რობერტსონი; მაკგინი, ადამსი, კრისტი

რას ამბობენ მწვრთნელები

ჩემს ფეხბურთელებს საშინაო მოედანზე, პირველივე მატჩში, გამარჯვების მოპოვება სურთ და ეს მათი თვალებიდან იკითხება. შოტლანდია ძალიან სახიფათო გუნდია. ფაქტი, რომ შოტლანდია არ არის მსოფლიო დონის ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი, ეს მათ უფრო საშიშს ხდის. ისინი მზად არიან, გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღონ - ესაა მათი მენტალიტეტი. - იულიან ნაგელსმანი
ორივე გუნდი გამარჯვებისთვის ემზადება და ამით სიამოვნება ყველამ უნდა მიიღოს. ჩემი ოჯახი მატჩს ესწრება და იმედი მაქვს, რომ ისინი არამარტო ატმოსფეროთი, არამედ მატჩის შედეგითაც მიიღებენ სიამოვნებას. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ - ამ მომენტისთვის კი დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით. - სტივ კლარკი

სხვა სტატიები