დეშამი საგონებელშია | სალიბამ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს
საფრანგეთიდან მიღებული ბოლო ცნობების თანახმად, არსენალის ცენტრალური მცველის - უილიამ სალიბას ტრავმა, შესაძლოა, იმაზე სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე ვარაუდობდნენ. არსებობს რეალური საფრთხე, რომ ფეხბურთელმა მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს.
ფრანგულ მედიაში სალიბას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მაქსიმალურ სიფრთხილესა და დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შაბათს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, მცველის დაზიანება კიდევ უფრო გაუარესდა, რის გამოც მისი მუნდიალზე გამგზავრება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
🚨🚨 INQUIÉTUDE À LA FFF POUR WILLIAM SALIBA 🇫🇷 AVANT LA COUPE DU MONDE 🥶🌍
— BeFootball (@_BeFootball) June 1, 2026
Déjà diminué avant la finale de la Ligue des Champions, le Français a aggravé sa blessure face au PSG. 🤕
(@Santi_J_FM) pic.twitter.com/PoBiRA4GwX
თუკი ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, დიდიე დეშამისთვის ეს უმძიმესი დარტყმა იქნება. საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო პირველობაზე ასპარეზობას 16 ივნისს, სენეგალის წინააღმდეგ მატჩით იწყებს, მანამდე კი „მამლების“ ბანაკში ყველა თვალი და ყური სალიბასკენ არის მიპყრობილი.
მუნდიალის დაწყებამდე სულ რაღაც ორი კვირა რჩება, სალიბა კი, მინიმუმ რამდენიმე კვირას გამოტოვებს. დაზიანების ზუსტი სიმძიმე და ხასიათი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ფრანგულ გამოცემებში იწერება, ფეხბურთელის ამჟამინდელი მდგომარეობა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში (FFF) სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საფრანგეთის ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 4 ივნისს 'მამლები' კოტ-დ'ივუარს დაუპირისპირდებიან, 8 ივნისს კი სახლში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდებიან.