Belive

დეპორტივოსთან მატჩში ესპანური გუნდის მეკარეების მწვრთნელმა ითამაშა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის პრიმერა RFEF-ის პირველი ჯგუფის 34-ე ტურის შეხვედრაში, ,,დეპორტივომ'' ,,არენტეიროს'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში თამაში დიეგო რივასს მოუწია, რომელიც მეკარეების მწვრთნელია. კლუბის ორი მეკარე ტრავმირებული იყო, მესამე - ბრეა პაბლო კი სწორედ ლა-კორუნიულ გუნდს ეკუთვნის, რის გამოც თამაშის უფლება არ ჰქონდა.

ორი გოლის გაშვების მიუხედავად, რივასმა მატჩში თავი არაერთხელ გამოიჩინა, 94-ე წუთზე კი საკუთარი გუნდის მიერ გატანილ გამათანაბრებელ გოლშიც მიიღო მონაწილეობა.

,,არ ყოფილა კონკრეტული მომენტი, როცა კარში ჩადგომა მთხოვეს, ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოხდა. აღმოჩნდა, რომ გამოუვალი სიტუაცია იყო, ბევრი ფიქრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ გუნდს ჩემგან ეს ნაბიჯი სჭირდებოდა.

ვიცოდი, რომ ჩემთვის ეს განსაკუთრებული თამაში იქნებოდა, იმპროვიზებული დამშვიდობება, რომელიც ამაზე უკეთ ვერ დასრულდებოდა. დაუვიწყარი გამოცდილება მივიღე, ერთ-ერთი მთავარი გმირი ვიყავი და ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ყველაფერი მთელი ცხოვრება მემახსოვრება! ჩემი კარიერა დასრულებულია, თუმცა პროფესია დიდ მოტივაციას მაძლევს. ახლა მხოლოდ სწორედ ამაზე ვარ ორიენტირებული.'' - დიეგო რივასი

დიეგო რივასი კარიერიას განმავლობაში არაერთ ესპანურ გუნდში, მათ შორის ,,ელჩეში'', ,,ეიბარში'', ,,ტენერიფეში'', ,,მურსიასა'' და ,,ალბასეტეში'' თამაშობდა. მისი ბოლო კლუბი კი ,,რასინგ დე ფეროლი'' იყო, სადაც 2018-2023 წლებში ასპარეზობდა.