Belive

დე ლა ფუენტე და სკალონი - პროფესორი და სტუდენტი

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებები ხვალ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებს გამართავენ. "ფურია როხა" ევროპის ჩემპიონატის მოგებას ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ შეეცდება, "ალბისელესტე" კი კოლუმბიელებს კოპა ამერიკის ფინალში დაუპირისპირდება.

ეს ამბავი იმაზეა, თუ რა კავშირი აქვთ ამ ორი ნაკრების ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელებს. დიდების მწვერვალზე ასასვლელად მარტო ნიჭი არ არის საკმარისი. რა პროფესიასაც არ უნდა ეხებოდეს საქმე, მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეძენილი უნარ-ჩვევები და გამოცდილება შედეგის მთავარი განმაპირობებელია. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, ვინ არის შენი მასწავლებელი.

63 წლის ლუის დე ლა ფუენტე, 2013 წლიდან, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა. წვრთნიდა ქვეყნის U19, U21 და U23 გუნდებს, ახლა კი მთავარი ნაკრების მწვრთნელია. 2017 წელს, დე ლა ფუენტე არგენტინის ნაკრების მწვრთნელის, ლიონელ სკალონის პროფესორი იყო, მაშინ როცა ის მწვრთნელის ლიცენზიის მიღებას ცდილობდა. ერთი წლის შემდეგ, სკალონის არგენტინის 20-წლამდელთა გუნდი ჩააბარეს.

ლუის დე ლა ფუენტე, სამწვრთნელო კურსზე, ჩემი პროფესორი იყო. ლოგიკურია, რომ ფინალში ესპანეთს ვუგულშემატკივრებ (იმის გამოც, რომ ჩემი ოჯახის ნაწილი ესპანურია). იმის გარდა, რომ ლუისი ჩემი მასწავლებელი იყო, მან ფეხბურთს მრავალი კარგი სპეციალისტი შესძინა (2017 წლის გამოშვება).

მე მომწონს მისი სტილი, მომწონს მისი მიდგომები და ისიც, თუ როგორ თამაშობენ ფეხბურთელები კონკრეტულად მწვრთნელისთვის. ის საქმეს არაჩვეულებრივად ასრულებს. - განაცხადა ლიონელ სკალონიმ კანადასთან მოგების შემდეგ
ძალიან გამიმართლა, რომ ვასწავლიდი სხვადასხვა სამწვრთნელო კურსებზე. მე ვიმუშავე ფეხბურთელების იმ თაობასთან, როგორიცაა ხავი ერნანდესი, ჩაბი ალონსო, რაული. ფეხბურთის ის ვარსკვლავები, რომლებსაც სურდათ მწვრთნელები გამხდარიყვნენ. განსაკუთრებულად იღბლიანი ვარ, რადგან მქონდა ბედნიერება მათ შორის ლიონელ სკალონიც ყოფილიყო - ეს უკვე დე ლა ფუენტეს კომენტარია

ესპანეთმა ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა (2:1), ხოლო არგენტინელებმა იმავე სტადიაზე კანადას აჯობეს (2:0). ჯერ ესპანეთი შეეცდება ევროპის ჩემპიონობის მოპოვებას, 15 ივლისს, გამთენიისას კი არგენტინელები ზედიზედ მეორე კოპას შეუტევენ.

სხვა სტატიები