დავითაშვილის გოლმა სენტ-ეტიენი ვერ გადაარჩინა | ქართველის შეფასება
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში "პსჟ"-მა "სენტ-ეტიენს" უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. სტუმართა შემადგენლობაში, 2025 წელს, პირველად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.
მთელი მატჩის განმავლობაში, უპირატესობას პარიზელები ფლობდნენ და დასაწყისშივე გაიმყარეს პოზიციები. მე-13 წუთზე უსმან დემბელემ ფლანგიდან სლალომი დაიწყო და თავადვე, მეკარისგან ახლო კუთხეში დააგვირგვინა. ზუსტად 10 წუთში, ფრანგმა შემტევმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და დუბლი შეასრულა.
ზურიკო აქტიური იყო და პირველ ტაიმშიც შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა, კარგი დრიბლინგის შემდეგ ბურთი ფეხიდან ააცალეს. 64-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებთან დავითაშვილზე დაჯარიმდნენ, სტანდარტის შესასრულებლად ბურთთან თავად მივიდა და დონარუმას დიდებული ჯარიმა გაუტანა. 1-თვიან პერიოდში ეს უკვე მეორე ქართული გოლია იტალიელის კარში, 15 დეკემბერს მას გიორგი მიქაუტაძემაც გაუტანა. დავითაშვილმა საკუთარი გუნდის შემადგენლობაში, მეკარე ლარსონერის შემდეგ, საუკეთესო შეფასება მიიღო (sofascore-7.4) (whoscored-7.5).
მარცხის შემდეგ, სენტ-ეტიენი გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა (მე-16 ადგილზე). ზურიკოს გუნდი მომავალ შეხვედრას 19 იანვარს, "ნანტის" წინააღმდეგ ითამაშებს.