Belive

ჩრდილოეთის ნათება ევროპულ ფეხბურთში: უცნობი ფაქტები ბოდო გლიმტის შესახებ

6 საათის წინ ფეხბურთი
5 წთ

ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში, ლისაბონის "სპორტინგის" მიერ შემოთავაზებული ქამბექი და "ჟოზე ალვალადეზე" შექმნილი საოცარი საფეხბურთო ატმოსფერო სასიამოვნო სანახავი იყო. თუმცა ნეიტრალურ გულშემატკივარს, სადღაც გულის სიღრმეში მაინც გული დასწყდა ჩრდილოეთ ნორვეგიის ერთი პატარა ქალაქიდან გამოსული გუნდის დრამატულ მარცხზე.

ეს სინანული სრულიად ლოგიკურია: მიმდინარე სეზონში "ბოდო გლიმტმა“ მოახერხა ის, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო. ჩემპიონთა ლიგის საწყის ეტაპზე ნორვეგიელებმა ჯერ პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი“, შემდეგ კი, დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო“ დაამარცხეს. თუმცა, მათი მთავარი განაცხადი პლეი-ოფის ორმატჩიანი დუელი გამოდგა, სადაც გუნდმა მილანის "ინტერი“ სრულიად დამაჯერებლად გამოთიშა ასპარეზობიდან.

ყველა ტურნირზე ერთად აღებული, გუნდს ბოლო მარცხი 2025 წლის ნოემბერში, ტურინის "იუვენტუსთან“ ჰქონდა. მას შემდეგ ჩატარებულ 10 შეხვედრაში "ბოდო გლიმტმა“ 9 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ერთხელ დასჯერდა ფრეს.

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „ბოდო გლიმტმა“ საკუთარ მოედანზე ლისაბონის "სპორტინგი“ დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა. ნორვეგიელები მორიგ სენსაციასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა განმეორებით შეხვედრაში „სპორტინგმა“ მოახერხა თამაშის შემობრუნება: ლისაბონელებმა ძირითად დროში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს, დამატებით დროში კი მეტოქეს კიდევ ორი ბურთი გაუტანეს. ამით ნორვეგიული კლუბის მიმდინარე ევროპული სვლა დასრულდა.

ამ მარცხის მიუხედავად, მეთევზეებით დასახლებულ პატარა ნორვეგიულ ქალაქში დაარსებულმა კლუბმა, გულშემატკივარს დასამახსოვრებელი გამოსვლა აჩუქა. ამ სტატიაში, რამდენიმე საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ, რომლის დახმარებითაც, აქამდე ბევრისთვის უცნობ კლუბს უფრო ახლოდან გაგაცნობთ

„საიდუმლო იარაღი“

2017 წელს, ქვედა დივიზიონში დაქვეითების შემდეგ, კლუბმა ბიორნ მანსვერკი დაიქირავა - ადამიანი, რომელსაც კლუბის მენტალურ სიმტკიცეზე უნდა ეზრუნა. ბიორნ მანსვერკი ნორვეგიის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი პილოტი გახლავთ, რომელიც მისიებით ავღანეთსა და ლიბიაში დაფრინავდა. სამხედრო სტილის წვრთნების გამოყენებით და ფოკუსირებაზე მუშაობით, იგი გუნდს ე.წ. „კოლექტიური მენტალური კრახისა“ და წნეხის დაძლევაში დაეხმარა, რამაც კლუბის სამომავლო შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

კბილის ჯაგრისი - ფანების სიმბოლო

"ბოდო გლიმტის“ გულშემატკივრებთან საფეხბურთო სტადიონთან შეუსაბამო ნივთი - კბილის ჯაგრისი ასოცირდება. ეს ამბავი დაახლოებით ორმოცდაათი წლის წინ დაიწყო: ერთ-ერთმა ქომაგმა სიმღერის დროს "სადირიჟორო ჯოხი" მოითხოვა, ერთ-ერთმა მაყურებელმა კი მას ჯიბიდან ამოღებული კბილის ჯაგრისი მიაწოდა.

"გამარჯვების შესახებ არ საუბრობენ"

კლუბის ხელმძღვანელობის მიერ დანერგილი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი ისაა, რომ გუნდში არ საუბრობენ მოგებაზე და არ უყურებენ სატურნირო ცხრილს. ნაცვლად ამისა, ისინი მთლიანად კონცენტრირებულნი არიან თამაშის ხარისხზე, განვითარებასა და გუნდურ კულტურაზე. სწორედ ეს მიდგომა დაეხმარა კლუბს, დივიზიონებს შორის მუდმივი აღმასვლა-დაღმასვლა წარსულში დაეტოვებინა.

ხელოვნური ინტელექტი ტალანტების მოსაძიებლად

"ბოდო გლიმტი“ იყენებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ საკუთარ მონაცემთა პლატფორმას, სახელწოდებით "Fokus“. მისი მეშვეობით კლუბი პოულობს იმ მოთამაშეებს, რომლებიც იდეალურად ერგებიან 4-3-3 სათამაშო სისტემას.

ჟოზე მოურინიოს ანტირეკორდი

2021 წელს "ბოდო გლიმტმა“ ჟოზე მოურინიოს კარიერაში ყველაზე დიდი მარცხი აგემა - ნორვეგიელებმა "რომას“ ანგარიშით 6:1 მოუგეს, მოურინიომ კი შურისძიება საპასუხო შეხვედრაშიც ვერ შეძლო (2:2).

როდესაც დღისითაც ბნელა

ვინაიდან კლუბი პოლარულ წრეში მდებარეობს, ზაფხულობით აქ მზე 24 საათის განმავლობაში ანათებს, ზამთარში კი განსხვავებული სიტუაციაა. ქალაქ ბუდეში ყოფნისას დეკემბერში მზის პირდაპირ სხივებს დღეში ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში იხილავთ, ეს კი ფეხბურთელებს აიძულებს, მიიღონ ვიტამინების დანამატები და ექსტრემალურ პირობებში ივარჯიშონ.

ძირითადად, გუნდი ადგილობრივებითაა დაკომპლექტებული

მიუხედავად ევროპულ გრანდებთან გამარჯვებისა, "ბოდო გლიმტი“ მუდმივად ინარჩუნებს აქცენტს ადგილობრივ ტალანტებზე. 2026 წლის მონაცემებით, მათ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მხოლოდ რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელი ირიცხებოდა, შემადგენლობის უდიდეს ნაწილს კი ნორვეგიელები შეადგენდნენ.

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ფეხბურთელები თვეების განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდნენ და კლუბი დაშლის პირას იყო. მათი აღმასვლა არა მდიდარი მფლობელის, არამედ გონივრული და დაბალბიუჯეტიანი სკაუტინგის დამსახურებაა. გუნდი მინიმალურ ფასად ყიდულობდა მოთამაშეებს, როგორებიც, მაგალითად, ვიქტორ ბონიფასეა, შემდეგ კი მათ დიდ მოგებად ყიდდა.

2010 წელს კლუბი გაკოტრების პირას იყო

16 წლის წინ, "ბოდო გლიმტის" ფეხბურთელები თვეების განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდნენ და კლუბი დაშლის პირას იყო. მათი აღმასვლა არა მდიდარი მფლობელის, არამედ გონივრული და დაბალბიუჯეტიანი სკაუტინგის დამსახურებაა. გუნდი მინიმალურ ფასად ყიდულობდა მოთამაშეებს, როგორებიც, მაგალითად, ვიქტორ ბონიფასეა, შემდეგ კი მათ დიდ მოგებად ყიდდა.