Belive

ჩინეთში კრიშტიანუ რონალდუს მუზეუმი გაუხსნეს

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუს ჩინეთში ახალი, შთამბეჭდავი მუზეუმი გაუხსნეს, რომლის მთავარი ღირსშესანიშნაობა ფეხბურთის ლეგენდის გიგანტური, 7-მეტრიანი ქანდაკებაა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სახელგანთქმული საზეიმო ჟესტი - „სიუუუ“ (Siuuu) შანხაიში უკვდავყვეს, სადაც გულშემატკივრებს ახლა უკვე მისი საოცარი კარიერის გაცნობა შეუძლიათ.

შვიდმეტრიან ქანდაკებაზე რონალდუ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფერებშია გამოსახული და თავისი საფირმო გოლის აღნიშვნას ასრულებს. ვარაუდობენ, რომ ეს მონუმენტური ქანდაკება ვარსკვლავის ყველაზე მაღალი სრულტანიანი სკულპტურაა მსოფლიოში.

შაბათს გამართულ საზეიმო გახსნაზე რონალდუს უფროსი ძმა, უგო ავეიროც იმყოფებოდა. სწორედ უგო გაუძღვა ათვლას აღტაცებული გულშემატკივრების წინაშე, რის შემდეგაც გიგანტური ქანდაკება საჯაროდ წარადგინეს. ეს ობიექტი ახალი „CR7-ის მუზეუმის“ ნაწილია, რომელიც შანხაიში 21 ნოემბერს გაიხსნა.

შანხაის ისტორიულ სავაჭრო ცენტრში განთავსებული მუზეუმი თითქმის 3000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ექსპოზიცია 10 თემატურ ზონას აერთიანებს, რომლებიც რონალდუს გამორჩეულ გზას მიუყვება: პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე გატარებული მოკრძალებული ბავშვობიდან, ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ ჩამოყალიბებამდე.

მადეირადან ჩინეთში 50-ზე მეტი სამახსოვრო ექსპონატი ჩაიტანეს, რომელთაგან ნაწილი ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში პირველად გამოიფინა. განსაკუთრებულ ექსპონატებს შორისაა რონალდუს პირველი „ოქროს ბურთი", რომელიც მან 2008 წელს, მანჩესტერ იუნაიტედში მოიპოვა.

სხვა სტატიები