Belive

ჩემპიონთა ლიგაზე დინამო თბილისის მეტოქე ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისის” მეტოქე ცნობილია. ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ტიტულოვანი ქართული კლუბი ყაზახურ "ასტანას" დაუპირისპირდება.

პირველი მატჩი 11/12 ივლისს ყაზახეთში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 18/19 ივლისს თბილისში შედგება.

აღსანიშნავია, რომ ევროსარბიელზე "ასტანა" ქართულ კლუბს პირველად უპირისპირდება. 2015 წლის 26 აგვისტოს, "აპოელის" ბარიერის გადალახვის შემდეგ, "ასტანა" გახდა პირველი ყაზახური გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონში, "ასტანამ" C-ჯგუფში "გალათასარაის", "ატლეტიკოსა" და "ბენფიკას" წინააღმდეგ იასპარეზა. ყაზახურმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულის დაგროვება შეძლო.

2016/17 წლების სეზონში, "ასტანამ" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. B-ჯგუფში "აპოელის", "ოლიმპიაკოსისა" და "იანგ ბოიზის" წინააღმდეგ გამართულ მატჩებში ყაზახურმა გუნდმა 5 ქულა დააგროვა.

კლუბი "ასტანა არენაზე" ასპარეზობს, რომლის ტევადობა 30.254 გულშემატკივარს შეადგენს. "ასტანა" ყაზახეთის ჩემპიონატის გასული სეზონის გამარჯვებულია და მიმდინარე სეზონშიც სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. 14-წლიანი არსებობის განმავლობაში, "ასტანა" ქვეყნის ჩემპიონი შვიდჯერ გახდა.

"ასტანას" 43 წლის სპეციალისტი დავიდ ბაბაიანი წვრთნის. კლუბში ყაზახეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელების გარდა, კამერუნული წარმოშობის ბელარუსი შემტევი მაქს ებონგი თამაშობს.

შეგახსენებთ, წილისყრა ტრადიციულად შვეიცარიის ქალაქ ნიონში, თბილისის დროით, 16:00 საათზე დაიწყო. ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ, კონფერენს ლიგის წილისყრა გაიმართება, სადაც 3 ქართული კლუბის მეტოქის ვინაობა გახდება ცნობილი.

სხვა სტატიები