Belive

ჩემპიონთა ლიგის ფინალში Linkin Park იმღერებს

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

31 მაისს, ალიანც არენაზე მყოფ პუბლიკას, შესანიშნავი შოუ ელოდება: ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში Linkin Park იმღერებს. ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, UEFA-სა და ამერიკულ ბენდს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, თუმცა დასავლური მედია, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ორმა მხარემ შეთანხმებას მიაღწია და რომ კონტრაქტი ხელმოწერილია.

Linkin Park კალიფორნიაში დაარსებული როკ ბენდია, რომელმაც დიდ წარმატებას ორიგინალური სტილით - რეპ როკის, ალტერნატიული როკისა და ალტერნატიული მეტალის სინთეზით მიაღწია. 2017 წელს, ჯგუფის ერთ-ერთი ფრონტმენის, ჩესტერ ბენინგტონის სუიციდის შემდეგ, ჯგუფმა აქტიურობა შეწყვიტა, თუმცა 2024 წლის სექტემბრიდან სცენას განახლებული შემადგენლობით დაუბრუნდა: Linkin Park-ის კოლექტივს ემილი არმსტრონგი და კოლინ ბრიტანი შეუერთდნენ და გულშემატკივარს ახალი ალბომი, From Zero შესთავაზეს.

გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ერთმანეთს მადრიდის რეალი და დორტმუნდის ბორუსია დაუპირისპირდნენ, მატჩის დაწყებამდე 6-წუთიანი შოუ ლენი კრავიცმა შემოგვთავაზა.