ჩელსი 10 მილიონს მიიღებს | ენცო მარესკას სიტიში დანიშვნა გაოფიციალურებასთან ახლოსაა
ინგლისურ ფეხბურთში დიდი სამწვრთნელო როტაცია პიკს აღწევს. მანჩესტერ სიტი ლონდონის ჩელსის ყოფილი დამრიგებლის, ენცო მარესკას მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან ძალიან ახლოსაა. მხარეები ამჟამად იტალიელი სპეციალისტის ეტიჰადზე დაბრუნების ფინანსურ დეტალებს აგვარებენ და მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, მანჩესტერული კლუბი და ჩელსი თითქმის შეთანხმდნენ იმ საკომპენსაციო თანხაზე, რომელიც ქალაქელებს იტალიელის ოფიციალურად გაფორმების საშუალებას მისცემს.
საქმე ისაა, რომ ჩელსი მწვრთნელისგან სერიოზულ ფინანსურ კომპენსაციას ითხოვს. ლონდონელები მიიჩნევენ, რომ მარესკამ დაარღვია მოქმედი ხელშეკრულების პირობები, როდესაც სტემფორდ ბრიჯზე მუშაობის პარალელურად ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მანჩესტერ სიტისთან. „ლურჯების“ ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მათ ხელთ აქვთ ყველა საჭირო მტკიცებულება საკუთარი პოზიციის დასაცავად.
მიუხედავად ამ სამართლებრივი ნიუანსებისა, კლუბებს შორის ურთიერთობა კვლავინდებურად კონსტრუქციულია. ჩელსი არ აპირებს სიტუაციის გამწვავებას და პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობაში ჩივილს სიტის მხრიდან წესების დარღვევით კონტაქტზე გასვლის გამო. მეტიც, როგორც კი ფინანსური შეთანხმება შედგება, ლონდონელები მზად არიან ოფიციალურად თქვან უარი ყოველგვარ სამართლებრივ პრეტენზიაზე როგორც მანჩესტერელების, ისე უშუალოდ მარესკას მიმართ.
კულუარული ინფორმაციით, შეთანხმების ღირებულება 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადააჭარბებს. სწორედ ეს ციფრი განიხილება ამჟამად ყველაზე რეალურ სცენარად, თუმცა იურისტები დეტალებს კვლავ აზუსტებენ.
მანჩესტერ სიტიმ ენცო მარესკა პეპ გვარდიოლას მთავარ მემკვიდრედ და კლუბის გრძელვადიანი პროექტის ლიდერად შეარჩია. თავად იტალიელი სპეციალისტი დროს არ კარგავს. ის უკვე აქტიურად არის ჩართული სიტის ზაფხულის სატრანსფერო კამპანიის დაგეგმვაში და ბრიტანული მედიის ცნობით, მოუთმენლად ელის ახალ სამუშაო ადგილზე მოვალეობის შესრულების დაწყებას.
46 წლის სპეციალისტი ლონდონის ჩელსის უახლოეს წარსულში წარმატებული მწვრთნელი გახლდათ, რადგანაც კონფერენს ლიგა მოიგო, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის სადებიუტო სეზონში ტრიუმფი იზეიმა. "არისტოკრატებმა" იტალიელი მწვრთნელი, რომელიც სიტიში პეპის ასისტენტადაც მუშაობდა, 2026 წლის ზამთარში დაითხოვეს.