"ჩაკვეტაძე აგრძელებს მოედანზე კარგად მუშაობას" - უოტფორდი
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და უოტფორდის ვარსკვლავი, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა. ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი, თითქმის დასასრულს მიუახლოვდა - ანტიგრავიტაციული ვარჯიშების შემდეგ, ჩაკვემ მინდორზე ინდივიდუალური ვარჯიშები განაახლა.
"გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე კარგად, ყოველგვარი უარყოფითი რეაქციის გარეშე აგრძელებს მუშაობას. ანტიგრავიტაციული სარბენილი ბილიკიდან, ის მინდორზე ვარჯიშზე გადავიდა და რთული ტრავმის შემდეგ, სრულად გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა" - აღნიშნულია უოტფორდის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა გასულ სეზონში, ბრისტოლის წინააღმდეგ გამართულ გასვლით მატჩში მიიღო, რის გამოც სეზონის ფინალური ნაწილი და 2025/26 წლების სეზონის დასაწყისი გამოტოვა.