ბრიტანული ფეხბურთის მეფე, ვირჯილ ვან დაიკი - პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი
6 წლის წინ
ფეხბურთი
6 წთ
რა მოხდა "ლივერპულში" კლოპის მოსვლის შემდეგ
2015 წელს, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ გუნდში გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი მიიყვანა. მას "მერსისაიდელების" კრიზისიდან გამოყვანა დაევალა. გუნდის მთავარ პრობლემას ცენტრალური დაცვის ხაზი წარმოადგენდა და ამის გამოსასწორებლად, იურგენ კლოპმა "სათჰემპტონიდან" £76 მილიონის სანაცვლოდ, ვირჯილ ვან დაიკი შეიძინა. ვან დაიკს პრემიერ ლიგაში უკვე დამტკიცებული ჰქონდა, რომ საიმედო მცველი იყო, რომელსაც კარის დაცვა და მეორე სართულზე ბრძოლა იდეალურად შეეძლო. ვან დაიკის პოტენციალის მიუხედავად, თანხის მოცულობამ საფეხბურთო სამყარო სკეპტიკურად განაწყო, თუმცა კლოპმა ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა.
წარმატებისკენ მიმავალი გზა
ვან დაიკი "ლივერპულის" ფეხბურთელი 2018 წლის 1 იანვარს გახდა. ზუსტად 4 დღის შემდეგ, მან "ლივერპულის" მაისურით, ოფიციალურ მატჩში, პირველი გოლი გაიტანა და გუნდს "ევერტონის" წინააღმდეგ გაამარჯვებინა. მარტივი გამოსაცნობია, თუ როგორი სტილის გოლი გაიტანა: მაღალი ნახტომი და ზუსტი თავური დარტყმა - ეს ვან დაიკის სტილია. დაახლოებით ორ თვეში, ვან დაიკი ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანი გახდა და UEFA-ს სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. შესაბამისად, 2017/2018 წლების სეზონი მისთვის წარმატებული გამოდგა, თუმცა ეს ჯერ კიდევ დასაწყისი იყო.მებრძოლი სული და უშრეტი ენერგია
შემდეგ სეზონში ვან დაიკმა დაამტკიცა, რომ 75 მილიონი ფუნტი წყალში გადაყრილი ნამდვილად არ იყო - ჰოლანდიელმა პრემიერ ლიგაში 38 მატჩი ჩაატარა ისე, რომ კლოპს მისი დასვენება არც კი უფიქრია. ვან დაიკმა მოედანი მხოლოდ ერთხელ, "საუთჰემპტონთან" დატოვა, რადგან 52-ე წუთზე მიკროტრავმა მიიღო. ერთი კვირის შემდეგ, იგი გუნდს დაუბრუნდა და "სტემფორდ ბრიჯზე" "არისტოკრატებს" არ გაამარჯვებინა. როდესაც ვან დაიკის თვისებებზე ვსაუბრობთ, უდავოა რომ იგი როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად ძალიან ძლიერია, რაც სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ცენტრალურ მცველს ძალიან სჭირდება. მაგალითისთვის ავიღოთ მისი თანაგუნდელები: ლოვრენს ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გაუცდა, მატიპს კი არასტაბილურობა ახასიათებს. ასეთ დროს, ემოციური კლოპი მაინც მშვიდადაა, რადგან მისი გუნდის უსაფრთხოებაზე პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ზრუნავს.