Belive

ბრაზილიელ გოგოს მოედანზე ატეხილი ჩხუბის გამო უჩივლეს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

სან პაულუს 21-წლამდელ ქალთა ჩემპიონატის ფინალში მასშტაბური ჩხუბი მოხდა, რის გამოც ერთ-ერთმა გუნდმა პოლიციაში საჩივარი შეიტანა.

კორინთიანსსა და ფეროვიარიას შორის გამართული მატჩი 77-ე წუთზე დროებით შეჩერდა, მას შემდეგ, რაც ორ ფეხბურთელს შორის დაპირისპირება დაიწყო.

კორინთიანსის ლიდერმა, გაბი ჟორდიმ ფეროვიარიას ვარსკვლავ მიგას წინააღმდეგ წესი დაარღვია, რაზეც მიგამ ფეხის დარტყმით უპასუხა. სიტუაცია სწრაფად დაიძაბა, რადგან ფეროვიარიას ფეხბურთელმა მუშტების ქნევა დაიწყო.

მიგამ მეტოქეს სახეში მუშტი მოარტყა. ორივე გუნდის მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბის წევრები სიტუაციის განმუხტვის მიზნით მოედანზე შეცვივდნენ, მსაჯი კი მათ გაშველებას ცდილობდა.

ჩხუბის დროს კორინთიანსის რამდენიმე მოთამაშე შეეცადა მიგასთვის დაერტყა, თუმცა ფეროვიარიას ვარსკვლავმა კიდევ ერთ ფეხბურთელს მოარტყა სახეში მუშტი და შემდეგ სწრაფად გაეცალა იქაურობას. თანაგუნდელებმა ის განარიდეს, რის შემდეგაც მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

კორინთიანსმა მიგას პოლიციაში უჩივლა.