Belive

ბოლო წუთების დრამა და კატარის ისტორიული ქულა

22 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

შვეიცარიასა და კატარს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა. კატარს ისტორიული ქულა, ცენტრალურმა მცველმა ბუალემ ხუხიმ მოუპოვა, რომელმაც მატჩის 95-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

კატარს, თამაშის დასაწყისშივე, შეხვედრის მეორე წუთზე ჰქონდა გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი, მაგრამ იმ მომენტში, მეკარსთან ერთი ერთზე გასულ ედნილსონ ჟუნიორს, გრეგორ კობელმა აჯობა.

ამის შემდეგ, თამაში შვეიცარიელთა უპირატესობით წარიმართა და მატჩის მე-17 წუთზე, ბრილ ემბოლომ საკუთარი ნაკრები თერთმეტმეტრიანიდან გატანილი გოლით დააწინაურა. პირველ ტაიმში, სადაც ძირითადად ევროპელები ლიდერობდნენ, ძალიან გამორჩეული იყო კატარელთა მეკარე, მაჰმუდ აბუნადა, რომელმაც რამდენიმე ძალიან კარგი სეივი შემოგვთავაზა და თავისი გუნდი აშკარა გოლებისგან იხსნა.

ხუხის გოლი, კატარისთვის, მსოფლიო ჩემპიონატზე, რიგით მეორეა. პირველი გოლი, 4 წლის წინ, 2022 წლის მუნდიალზე, სადაც კატარი მასპინძელი ქვეყანა იყო, მუჰამედ მუნტარიმ, სენეგალის წინააღმდეგ გაიტანა.

შვეიცარიისთვის, რომელიც ზედიზედ მეექვსე მუნდიალზე თამაშობს, ეს მსოფლიო ჩემპიონატებზე, 42-ე შეხვედრა იყო. აღსანიშნავია, რომ აქამდე, შვეიცარიას, მუნდიალზე პენალტი არ ჰქონდა გატანილი. ბრილ ემბოლოს თერთმეტმერიანი, პირველი იყო შვეიცარიელთათვის მუნდიალების ისტორიაში.

კატარისთვის კი, მსოლფლიო ჩემპიონატზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ მეოთხე შეხვედრა იყო სადაც აზიელებმა პირველად შეძლეს ქულის აღება.

ამჯერად, B ჯგუფში, ოთხივე ნაკრებს თითო ქულა აქვს. ბოსნიისა და კანადის გუშინდელი დაპირისპირებაც, ფრედ, 1-1 დასრულდა. შვეიცარია შემდეგ შეხვედრას, 18 ივნისს, სწორედ ბოსნიის წინააღმდეგ ჩაატარებს. კატარი კი მომდევნო დღეს, 19 ივნისს კანადის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები