Belive

ბენზემას წასვლის ისტორია - მოულოდნელობა, ინტრიგა და სხვ.

10 თვის წინ ფეხბურთი
7 წთ

მადრიდის "რეალი" კლუბის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა, ტიტულოვანმა და შემოქმედითმა ფორვარდმა დატოვა. უკვე ლეგენდად აღიარებულმა ქარიმ ბენზემამ მადრიდში 14 წელი გაატარა და კარიერის მიწურულს, აურაცხელი ფულის სანაცვლოდ, საუდის არაბეთში, კერძოდ კი "ალ იტიჰადში" გადაბარგდა. ამ სტატიაში ბენზემას გამორჩეული საფეხბურთო კარიერის შესახებ არ ვისაუბრებთ - სატრანფერო კულისების შესახებ მოგიყვებით.

2021 წლის აგვისტოში, ბენზემამ სამეფო კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მადრიდული პუბლიკა მას "ბერნაბეუზე" 2023 წლის 30 ივნისამდე იხილავდა.

ამ დროისთვის, ფრანგი ფორვარდი "რეალის" შეტევის მთავარი დარტყმელი ძალა იყო - მან ის სიცარიელე ამოავსო, რაც წინა ხაზში გოლების მანქანის, კრიშტიანუ რონალდუს წასვლამ გამოიწვია.

2021/22 წლების სეზონში ბენზემა კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე ავიდა: გაიტანა 44 გოლი და გააკეთა 15 საგოლე გადაცემა, "რეალი" კი ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის თასებს დაეუფლა. 2022 წლის ოქტომბერში, ბენზემას გამორჩეული სეზონი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ტიტულის მიღებით დაგვირგვინდა: მას ოქროს ბურთი გადაეცა.

karim-benzema-golden-ball

მას შემდეგ, ესპანურ მედიაში ხშირად იწერებოდა, რომ ბენზემას კონტრაქტი ავტომატურად კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდებოდა, რაც იმ დაუწერელ კანონს ემყარებოდა, რომლის თანახმადაც, ოქროს ბურთის მფლობელ ნებისმიერ ფეხბურთელს "რეალში" კიდევ 1 წლის გატარების საშუალება ეძლევა. თუმცა კლუბში მომუშავე ადამიანები, რომლებიც ანონომურობას ინარჩუნებდნენ, აცხადებდნენ, რომ მსგავსი შეთანხმება არ არსებობდა.

ოქროს ბურთის დაუფლების შემდეგ, ბენზემამ კომენტარი არაერთ მედიასაშუალებასთან გააკეთა. ამ შემთხვევაში, ყურადღებას Onda Cero-სთან ნათქვამ სიტყვებზე გავამახვილებთ.

"დავასრულებ თუ არა კარიერას "რეალში"? კი, თუკი სხვა შემოთავაზება არ მექნება", - აღნიშნა ფრანგმა ფორვარდმა პირდაპირ ეთერში.

ბენზემა მედიასთან იშვიათად ლაპაკობს. ამ კომენტარის შემდეგ, კამერებთან თითქმის არც გამოჩენილა. საჯარო განცხადებები მაშინაც კი არ გაუკეთებია, როდესაც კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა. თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემა იანვარში მაინც მოუწია, როდესაც საუდის არაბეთში გამართულ სუპერ თასთან დაკავშირებით, პრეს კონფერენცია გაიმართა.

"განვაახლე თუ არა კონტრაქტი? ახლა "რეალში" ვარ, ყველაფერი სხვა - ცალკე საკითხია. სხვა ფეხბურთელების მსგავსად, აქ თავს კარგად ვგრძნობ. არავინ იცის, რა მოხდება ფეხბურთში, რა მოხდება მომავალში. ვერ გეტყვით, რამდენი ხნით გავჩერდები მადრიდში, მაგრამ აქ ყოფნის თითოეული დღით სიამოვნებას ვიღებ", - თქვა მან და ამ განცხადებით, კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

თებერვალში, ესპანურმა გაზეთმა, სახელწოდებით El Mundo, გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთში სერხიო რამოსის, ლუკა მოდრიჩისა და ქარიმ ბენზემას შეძენა სურდათ, სანაცვლოდ კი კოლოსალურ თანხას იხდიდნენ. ბენზემას გარემოცვამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

15 მარტს, ფრანგულმა L’Equipe-მა დაწერა, რომ პერესი და ბენზემა კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებაზე ვერბალურად შეთანხმდნენ. ინფორმაცია სარწმუნო ჩანდა კიდევ ერთი დეტალის გამო: მადრიდულმა Relevo-მ დაადასტურა, რომ ბენზემამ მომდევნო სეზონის მაისურის პრომოუშენისთვის განკუთვნილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

პარალელურად, საუდის არაბეთს თავისი სტრატეგიიდან არ გადაუხვევია - ბენზემა კი კვლავ უცნაურად იქცეოდა.

მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც კოპა დელ რეის მოგების შემდეგ, ბენზემა ტიტულების რაოდენობით მარსელოს გაუთანაბრდა, ესპანურმა რადიოარხმა, Cadena COPE-მ, ბენზემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

"ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ ამ კლუბში. ცხადია, ასეც იქნება მომავალში. ვნახოთ... იმედია, ყველა აქ დარჩება".

თუმცა მალევე, ბენზემამ თავის თანაგუნდელებს გასახდელში გაანდო, რომ საუდის არაბეთიდან მრავალმილიონიანი კონტრაქტი მიიღო. საუბრის მანერიდან გამომდინარე, თანაგუნდელები მიხვდნენ, რომ ქარიმი ამ ფაქტით გახარებული იყო.

"რეალში" ყოფნისას, ბენზემა ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო და წელიწადში დაახლოებით €12 მილიონს გამოიმუშავებდა. თუმცა როგორც მასთან ახლოს მყოფი ანონიმური წყაროები ამბობენ, ქარიმი ყოველთვის გრძნობდა, რომ მეტის გამომუშავება შეეძლო. მის გადაწყვეტილებაზე გავლენას ოჯახიც ახდენდა: ბენზემას ტოპ დონეზე დიდი ხნის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, მათ საუდის არაბეთიდან უზარმაზარი ფინანსური პოტენციალი დაინახეს.

მაისის ბოლოს, საუდის არაბეთში ბენზემას გადასვლის საკითხი კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. მას შემდეგ, რაც "ალ იტიჰადი" "საუდი პრო ლიგის" გამარჯვებული გახდა, გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა, აჰმედ კააკიმ მედიასთან გააღჟერა ინფორმაცია, რომ "უფლის ნებით, ბენზემა გუნდის წევრი გახდებოდა".

30 მაისს, The Athletic წერდა, რომ ფლორენტინო პერესმა ფრანგი თავდამსხმელის გადაწყვეტილების შესახებ უკვე იცოდა. იმავე გამოცემის თანახმად, ბენზემამ გადაწყვეტილება თავდაპირველად კარლო ანჩელოტის გაუზიარა, შემდეგ კი გუნდში მომუშავე პირად ფიზიოთერაპევს, ხუან მუროს, არაბეთში გაყოლა სთხოვა.

მადრიდში ბენზემას გადაწყვეტილებას პატივისცემით მოეკიდნენ და მალევე გადაწყდა, რომ გუნდს მის შემცვლელზე უნდა დაეწყო მუშაობა. მთავარ სამიზნე ობიექტად "ტოტენჰემის" შემტევი, ჰარი კეინი დასახელდა.

ეს ყველაფერი კულისებს მიღმა ხდებოდა. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ბენზემა უარყოფდა, საუდის არაბეთის სპორტის მინისტრი კი ჟურნალისტებს მოთმინებისკენ მოუწოდებდა. მეტიც, სეზონის ბოლო მატჩის წინ გამართულ პრეს კონფერენციაზე, კარლო ანჩელოტის ტრანსფერი არ დაუდასტურებია.

ანჩელოტის ნათქვამი სიტყვებიდან 24 საათიც არ იყო გასული, როდესაც ამჯერად უკვე ოფიციალური განცხადება გავრცელდა: ქარიმისა და მადრიდის გზები ორად იყოფოდა. ესპანეთის დედაქალაქში "ალ იტიჰადის" წარმომადგენლები ჩავიდნენ და შეთანხმება დასკვნით ფაზაში გადავიდა.

"მქონდა ოცნება, რომ მეთამაშა "რეალში" და კარიერა აქ დამესრულებინა. ხანდახან, ცხოვრება სხვა შესაძლებლობებსაც გვაძლევს. "მადრიდის რეალი" ყოველთვის ჩემი ოჯახი იქნება. არასოდეს დავივიწყებ ამ გუნდს. ეს შეუძლებელია - "რეალი" ისტორიაში საუკეთესო გუნდია, მასზე უკეთესი არ არსებობს. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემი წასვლის დროა, წინ ახალი ამბავი მელოდება", - ამ სიტყვებით გამოემშვიდობა ფრანგი გუნდს, რომლის რიგებშიც 2009 წლის 9 ივლისიდან ირიცხებოდა.

სხვა სტატიები