Belive

"ბათუმში თამაში და გულშემატკივარი განსაკუთრებული მომენტია" - კაკაბაძე ოქტომბრის მატჩების შესახებ საუბრობს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. მეექვსე და მეშვიდე ტურების მატჩებისთვის ეროვნულმა გუნდმა მზადება უკვე დაიწყო. ვილი სანიოლმა "ჯვაროსნების" 25-კაციან შემადგენლობასთან ერთად საწვრთნელი პროცესი თბილისში დაიწყო, საიდანაც გუნდი 7 ოქტომბერს ბათუმში გაემართება და 9-ში საბერძნეთის წინააღმდეგ შეხვედრისთვის მოემზადება. მზადების პროცესში, მოახლოებულ შეხვედრებზე ეროვნული გუნდის მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ ისაუბრა.
"ორი დღეა, რაც შევიკრიბეთ, ოქტომბერში ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის და ორივე შემთხვევაში აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ. განსაკუთრებული მომენტია, რომ ბათუმში ვითამაშებთ და მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. მაქსიმალურად მოვინდომებთ და შევეცდებით, რომ ქომაგები გავახაროთ", - თქვა პოლონური "კრაკოვიას" ქართველმა მარჯვენაფლანგელმა.
26 წლის ფეხბურთელი ექსტრაკლასას ბინადარ კლუბს მიმდინარე წლის ზაფხულში, ესპანური "ტენერფედან", თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, თუმცა საკმარისი სათამაშო დრო არ მისცემია. მიუხედავად მწირი პრაქტიკისა და ყველა ტურნირზე მხოლოდ 5 შეხვედრის ჩატარებისა, კაკაბაძემ ბოლო ტურში, "სტალ მიელეჩთან" (3:3) დასრულებულ მატჩში გოლის გატანა მოახერხა და თავის გუნდს სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაში დაეხმარა. “ჯვაროსნები” 9 ოქტომბერს, ბათუმში, ცენტრალურ სტადიონზე საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებენ, 12-ში კი კოსოვოს, პრიშტინაში ესტუმრება.

სხვა სტატიები