Belive

ავთანდილ ასათიანი | 'დიდი იმედი მაქვს, რომ ელისანდრო დაბრუნდება, თოფურია ხვალიდან შემოგვიერთდება"

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოგებაზე, ესპანეთთან დარჩენილ ჯგუფურ შეხვედრაზე და ევრო 2022-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე ისაუბრა.
"ჩვენთვის სიურპრიზი არ იყო ის, რომ მოწინააღმდეგე მეკარის უპირატესობის გამოყენებას ეცდებოდა. რამდენიმე სქემა გვქონდა დამუშავებული და ვფიქრობ, რომ ბიჭებმა დავალებებს თავი ძალიან კარგად გაართვეს. ამას გარდა, ბოლო წუთებში სულ მეკარის უპირატესობით გვიტევდნენ და ვფიქრობ, ამ ვითარებასაც თავი კარგად გავართვით. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გაამართლა იმ სამუშაომ, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩამდე გავწიეთ, რომ ტაქტიკურად ყველაფერი კარგად დაგვემუშავებინა. გარდა იმისა, რომ ტაბლოზეც ჩვენი უპირატესობა იყო, სათამაშო სქემებითაც ძალიან კარგად ვიყავი მზად. საწყის წუთებში ნერვიულობის ნიადაგზე თამაშში ჩართვა ძალიან გაგვიჭირდა. ძალიან კარგია, რომ შემდეგ ძალების მობილიზება შევძელით და თამაში შემოვატრიალეთ. მერე ჩვენი კარნახით მიდიოდა თამაში, განსაკუთრებით, მეორე ტაიმი. მე არც მიკვირს და არც ვსაუბრობ კუპატაძეზე, რადგან მისგან კარგი თამაში გასაკვირი არც არის. ზვიადი იმიტომაც არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, რომ თავისი მაღალი კლასით გამოირჩევა. გუნდმა იცის, რომ მათ უკან დგას ასეთი კლასის დარაჯი და ეს ძალიან ეხმარება გუნდსაც და მწვრთნელსაც. დაცვაში კარგი თამაშიც ეხმარება კუპატაძეს, რომ ასეთი დამაჯერებელი იყოს. გუნდში ისეთი კარგი ატმოსფეროა და ბიჭებთანაც ისეთი კარგი ურთიერთობა მაქვს, ძალიან მიხარია. ეს გარედანაც ჩანს და გადამწყვეტ მომენტებში თავი ამანაც იჩინა – თალესმა გოლი ელისანდროს მიუძღვნა, რომელიც გუნდს ვერ ეხმარებოდა და ამას ძალიან განიცდიდა, ემოცია გასახდელშიც გამოხატა. ერთ ფეხბურთელზე რომ არ ხარ დამოკიდებული, ეს გუნდზეც კარგად ისახება. ელისანდროს როლი ნაკრებში ძალიან დიდია. მაგრამ საბედნიეროდ, გვყავს კიდევ ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც გადამწყვეტ მომენტებში თავის გამოჩენა შეუძლიათ. ჩვენ ამ გუნდურობას ნაკრებში ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ექიმები მაგრად მუშაობენ, რომ ელისანდრო რაც შეიძლება მალე დავაბრუნოთ. სურათს გადავიღებთ და მალე გვეცოდინება, რა სირთულის ტრავმა აქვს და ექიმები მეტყვიან, ელისანდრო 29 იანვარს ესპანეთთან შეძლებს თუ არა დაბრუნებას. დიდი იმედი მაქვს, რომ დაბრუნდება. თოფურიას მძიმე ტრავმა არ აქვს, ხვალიდან შემოგვიერთდება და სრული დატვირთვით ითამაშებს. ესპანეთი ჩემპიონატის ფავორიტია, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანთან ფრედ ითამაშა. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანი ძალიან ძლიერი გუნდია და ესპანეთმა ამიტომაც ვერ შეძლო მოგება. დღეიდან ვიწყებთ ესპანეთის თამაშის ანალიზს, თუ რა ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ. ამავე დროს, ბალანსი უნდა ვიპოვოთ, რადგან მეოთხედფინალია სათამაშო და ცალი თვალით იმისკენ უნდა ვიხედებოდეთ, რადგან მოთამაშეთა ნაწილს ყვითელი ბარათები აქვს, ნაწილს კი მცირე ტრავმა აწუხებს."

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები