არტეტა: "გუნდმა კაპიტნად, უპირობოდ, ისევ ოდეგორი აირჩია"
2025/26 წლების სეზონში, "არსენალის" კაპიტანი კვლავ მარტინ ოდეგორი იქნება. გადაწყვეტილებასთან გუნდი დემოკრატიული, ხმის მიცემის პრინციპით მივიდა.
"ჩემი, სტაფისა და ფეხბურთელების აზრი ნათელია. ფეხბურთელებს კაპიტნის არჩევა ვთხოვე. შედეგები გუშინ მომივიდა და გუნდმა უპირობოდ მარტინ ოდეგორი დაასახელა," - თქვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ.
მარტინ ოდეგორი "არსენალის" კაპიტანი 2022 წლის ივნისიდანაა. ინგლისში არსებობს მოსაზრება, რომ დროა, გუნდის ლიდერობა დეკლან რაისმა გადაიბიროს. ეს იდეა ტონი ადამსმა Irish Independent Sport-თან საუბრისას გააჟღერა. "არსენალის" ლეგენდის აზრით, სწორედ რაისს შეუძლია გუნდი ახალ სიმაღლეზე აიყვანოს.
კაპიტნის ცვლილების იდეას მიკელ არტეტა არ იზიარებს.
"ყველას სხვადასხვა აზრი გვაქვს. ლიდერობაზე და ლიდერების მახასიათებლებზე საათობით შეგვიძლია ვისაუბროთ. საბოლოოდ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რას ფიქრობენ ბიჭები. ვინ სურთ ლიდერად, ვისთან გრძნობენ თავს კომფორტულად, ვინ აძლევს მათ ბიძგს და ვინ უცხადებს მათ მხარდაჭერას საჭიროების შემთხვევაში", - თქვა არტეტამ.
შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის I ტურში, დიდი სანახაობა გველოდება: "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე "არსენალს" უმასპინძლებს. შეხვედრა 17 აგვისტოს, 19:30-ზე გაიმართება.