არსენალი Vs. სიტი | ემირეითსზე ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი არასოდეს გამართულა
დღეს მიკელ არტეტას "არსენალი" პეპ გვარდიოლას "სიტის" დაუპირისპირდება - მატჩი, რომელიც სავარაუდოდ, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებულს განსაზღვრავს.
17 წლის წინ, "არსენალი" ლეგენდარულ "ჰაიბერის" დაემშვიდობა - სტადიონს, რომელიც ფეხბურთთან დაკავშირებულ თითოეულ ასოციაციას აერთიანებდა. ეს იყო ემოციური გამომშვიდობება, საიდანაც "არსენალის" ახალი ისტორიის ათვლა დაიწყო. "ემირეითსი" თანამედროვეობასთან დაკავშირებული სტადიონია, რომელზეც არაერთი დიდი მატჩი გამართულა, მაგრამ სამართლიანი იქნება, თუკი ვიტყვით, რომ დღევანდელი შეხვედრა ახალი ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება.
მატჩები, რომლებიც არ გვავიწყდება: ჩემპიონთა ლიგაზე, "მანჩესტერ იუნაიტედთან" (2009) და "ბარსელონასთან" (2010 და 2011) ის ფეხბურთი ვიხილეთ, რის გამოც ფეხბურთი გვიყვარს. გამორჩული იყო "ატლეტიკოსთან" ჭიდილიც (2018-ში, ევროპა ლიგაზე), თუმცა დღევანდელი შეხვედრა უდავოდ განსაკუთრებულია: 2003 წლის შემდეგ პირველად, "არსენალის" ქომაგს აქვს რეალური განცდა, რომ მიმდინარე სეზონში, გუნდი ჩემპიონი გახდება. ეს მოლოდინი, სურვილი და წლების განმავლობაში დაგროვებული ნატვრა მიკელ არტეტასთვის დიდ თავისტკივილსა და გამოცდას წარმოადგენს - რუბიკონს, რომელიც აუცილებლად უნდა გადაილახოს.
ნათელია, რომ "არსენალისთვის", მეორეადგილოსან "სიტისთან" გამარჯვება პრემიერ ლიგაში ტრიუმფს ავტომატურად არ ნიშნავს. ამ მომენტისთვის, ლონდონური კლუბი ცხრილის სათავეში იმყოფება და მდევარს 3 ქულით უსწრებს (გასათვალისწინებელია ისიც, რომ არტეტას შეგირდებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული). თუმცა ფეხბურთში არსებობს განწყობა, საკუთარი ძალის შეგრძნება და მოტივაცია, რომელსაც გუნდი დიდი გამარჯვებისკენ მიჰყავს. ამისი ნათელი მაგალითი ინგლისში უახლოესი ისტორიიდან აქვთ - "ლესტერ სიტის" დაუჯერებელი სეზონი.
"სეზონის დასაწყისში საჩემპიონო შანსებზე რომ გეკითხათ, ჩემს პასუხში დარწმუნებული არ ვიქნებოდი. იმედიანად გიპასუხებდით, მაგრამ პასუხი ზუსტად არ მეცოდინებოდა. მაგრამ დღეს აქ ვართ. ყველაფერი დავიმსახურეთ და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა გვევალება.
მოდი ერთად ვისიამოვნოთ ამ ღამით. ეს იქნება დაუვიწყარი ღამე, რომელსაც ამ განსაკუთრებულ დღეს ერთად გავატარებთ.", - თქვა არტეტამ.
შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 23:30-ზე დაიწყება.