Belive

არგენტინის პრეზიდენტი მუნდიალის ფინალს ცრურწმენის გამო არ დაესწრება

15 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ, განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე დასწრებას არ აპირებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ფეხბურთთან დაკავშირებული ღრმა ცრურწმენაა. 55 წლის პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მისი ამერიკაში გამგზავრება, არგენტინისთვის, ცუდი შედეგის მომტანი იქნება.

მილეიმ საკუთარ ცრურწმენებზე საუბრისას, ისიც გაამხილა, რომ 2026 წლის მუნდიალზე არგენტინის ყველა თამაშს, საკუთარ რეზიდენციაში მარტო უყურებდა და თითქმის ყველა ჯერზე, ერთი და იგივე ქურთუკი ეცვა. გამონაკლისი მხოლოდ შვეიცარიასთან მატჩის დროს, რამდენიმე წუთი იყო.

მაშინ როდესაც "ალბისელესტე" იგებდა, მილეიმ, ძლიერი სიცხის გამო, ქურთუკი გაიხადა, რა დროსაც არგენტინამ გოლი გაუშვა. ამის შემდეგ, არგენტინის პრეზიდენტმა ქურთუკი ისევ ჩაიცვა და შეხვედრის დასრულებამდე აღარ გაუხდია. ამ საკითხზე, მილეიმ, შემდგომ თავადაც გააკეთა კომენტარი.

ამერიკაში გამგზავრებას და ფინალზე დასწრებას არ ვაპირებ. ისევე, როგორც ყველა თამაშს, ფინალსაც ოლივოსში (პრეზიდენტის რეზიდენცია), მარტო ვუყურებ. მატჩების ყურებისას, ყოველთვის ერთი და იგივე ქურთუკი მაცვია. როდესაც შვეიცარიას ვეთამაშებოდით, ძალიან დამცხა და ქურთუკი გავიხადე, რა დროსაც ჩვენ გოლი გავუშვით. ამის შემდეგ, ქურთუკი ისევ ჩავიცვი და მთელი მატჩის განმავლობაში აღარ გამიხდია. - ხავიერ მილეი

ის ფაქტი, რომ მილეი მუნდიალის ფინალზე დასწრებას არ აპირებს, მხოლოდ მის პერსონალურ გადაწყვეტილებად ვერ შეფასდება. საქმე ისაა, რომ არგენტინაში ეს უცნაური ტრადიცია, 1990 წლიდან იღებს სათავეს. 1990 წლის 8 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, არგენტინა კამერუნს შეხვდა. შესვენებაზე არგენტინელ ფეხბურთელებს, მაშინდელი პრეზიდენტი, კარლოს მენემი ეწვია. შეხვედრის მეორე ტაიმში კი არგენტინამ გოლი გაუშვა და თამაში წააგო. ამის შემდეგ, არგენტინის არც ერთი პრეზიდენტი აღარ დასწრებია ეროვნული ნაკრების შეხვედრებს.

შეგახსენებთ,რომ არგენტინასა და ესპანეთს შორის, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, 19 ივლისს, ნიუ ჯერსიში გაიმართება. მატჩი, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები