არგენტინამ პარაგვაისთან წააგო, ბრაზილიამ ვენესუელას ვერ მოუგო
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-11 ტურში არგენტინის ეროვნული ნაკრები პარაგვაისთან სტუმრად 1:2 დამარცხდა.
მატჩში დაწინაურება მე-11 წუთზე არგენტინელებმა შეძლეს - თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა, რომელმაც ენცო ფერნანდესის პასით ისარგებლა. პარაგვაიმ წონასწორობა მალევე, მე-19 წუთზე, ანტონიო სანაბრიას ულამაზესი მაკრატელა გოლით აღადგინა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში მე-2 ტაიმის სტარტზევე დაფიქსირდა - გამარჯვების გოლი ომარ ალდერეტემ გაიტანა.
დღეს ითამაშა ბრაზილიამაც. ,,სელესაოსა'' და ვენესუელას მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მატჩში ანგარიში 43-ე წუთზე რაფინიამ გახსნა, ,,ბარსელონას'' შემტევმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.
ვენესუელამ ანგარიში მე-2 ტაიმის დაწყებიდან წამებში, ტელასკო სეგოვიას გოლით გაათანაბრა. ბრაზილიას მოგების იდეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ვინისიუს ჟუნიორმა 62-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, დამატებაზე კი კარში ვერ დაარტყა.
11 ტურის შემდეგ, არგენტინა 22 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ბრაზილია კი 17 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.