არგენტინა მეოთხედფინალშია | კანადამ ისტორიული მატჩი მოიგო
ნიუ ჯერსის MetLife Stadium-ზე გამართულ მატჩში, კოპა ამერიკის A ჯგუფის მეორე ტურში, არგენტინამ ჩილე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. პირველ წრეში არგენტინამ კანადას 2:0 მოუგო, ხოლო ჩილეს პერუსთან უგოლო ფრე ჰქონდა ნათამეშები.
მიუხედავად იმისა, რომ ლიონელ სკალონის გუნდმა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვერ აჩვენა, არგენტინა მატჩის უმეტესი ნაწილი მაინც დომინირებდა და 3 ქულის მოპოვებას იმსახურებდა. მსოფლიო ჩემპიონებმა გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს, 88-ე წუთზე გაიტანეს. გოლში მეორე ტაიმში ცვლილებაზე გამოსულმა ლო ჩელსომ და ლაუტარო მარტინესმა მიიღეს მონაწილეობა. ინტერის თაvდამსხმელმა გოლი წინა ტურის შეხვედრაში კანადასთანაც გაიტანა და 2 გოლით, ჯერჯერობით, ტურნირის ბომბარდირია.
კოპა ამერიკაზე დებიუტანტმა კანადამ ისტორიული, პირველი გამარჯვება მოიპოვა, ჩრდილო ამერიკელებმა პერუს ნაკრები ერთადერთი გატანილი გოლით დაამარცხეს და 3 ქულა მოიპოვეს. კანადელებმა, რომლებმაც პირველი ტაიმი ცუდად ჩაატარეს და თითქოს ვერ შეესაბამებოდნენ პერუელი ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებას, შვებით მას შემდეგ ამოისუნთქეს, რაც შეხვედრის 59-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან მიგელ არაუხო გააძევა. დაახლოებით 20 წუთში, ჯონათან დევიდმა პერუს ნაკრების კარში გოლი გაიტანა და კანადელებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი გააცოცხლეს.