Belive

"არ ვიცი რით დავიმსახურე ეს" - როდრიგომ უმძიმესი ტრავმა მიიღო და მუნდიალს გამოტოვებს

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის 25 წლის შემტევს - როდრიგო გოეშს უმძიმესი ტრავმა დაუდგინდა, რის გამოც იგი 2027 წლამდე მოედანზე ვეღარ დაბრუნდება, შესაბამისად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშსაც ვერ შეძლებს...

დღეს ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, როდრიგო გოეშს წინა ჯვარედინი იოგების და მარჯვენა ფეხის გვერდითი მენისკის გაწყვეტის დიაგნოზი დაუსვეს. ბრაზილიელის დაბრუნებას 10-11 თვე დასჭირდება, ის მწვანე მინდორზე 2027 წლამდე ვერ გავა.

მეტიც, უახლოეს დღეებში სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელს ოპერაციას გაუკეთებენ.

ამ ტრავმის შემდეგ, მან სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ტრავმის შესახებ საუბრობს.

" „მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიგებ რატომ მოხდა ეს, მაინც მჯერა შენი. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. ეს ტრავმა ყოველთვის მაშინებდა… შესაძლოა, ბოლო პერიოდში ცხოვრება ცოტა მკაცრი აღმოჩნდა ჩემ მიმართ.

არ ვიცი, ვიმსახურებ თუ არა ამას, მაგრამ რაზე უნდა დავიწუწუნო? იმდენი საოცარი რამ მაქვს გამოცდილი, რაც არც კი დამიმსახურებია.

ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში დიდი დაბრკოლება გაჩნდა, რომელიც გარკვეული დროით მაკავებს იმისგან, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.

სეზონის ბოლომდე ჩემს კლუბში ვერ ვითამაშებ და მსოფლიო ჩემპიონატსაც გამოვტოვებ ჩემს ნაკრებთან ერთად — ოცნებას, რომლის მნიშვნელობაც ყველამ იცის ჩემთვის. ერთადერთი, რაც შემიძლია, ისევ ძლიერი ვიყო — და ეს ჩემთვის ახალი არ არის.

მადლობა ყველას ლოცვებისთვის, შეტყობინებებისა და სიყვარულისთვის. თქვენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული პერიოდია, გპირდებით — აქ არ გავჩერდები.

მჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი დაუვიწყარი მომენტი მელის და სიხარულს მოვუტან ყველას, ვინც მენდობა. ეს მხოლოდ დროებითი დამშვიდობებაა… ღმერთი კვლავ ყველაფერს აკონტროლებს.“ - როდრიგო

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში როდრიგოს რეალის დატოვება სურდა, რადგან კარლო ანჩელოტი მას დროს აღარ აძლევდა, რის გამოც ფეხბურთელი ძალიან უკმაყოფილო იყო, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ პერესმა იგი კლუბში დარჩენაზე დაითანხმა.

25 წლის ფეხბურთელი სამეფო კლუბში 2019 წლიდან ირიცხება, რა პერიოდშიც 200-ზე მეტი მატჩი დაუგროვდა.

სხვა სტატიები