"არ იდარდოთ, გაიღიმეთ" - სვენ გორან ერიქსონი ფილმით გვემშვიდობება
თითქმის ერთი წელია, რაც სვენ-გორან ერიქსონი, უკურნებელ სენს ებრძვის. ახალ, ემოციურ ფილმში, რომლის პრემიერაც Amazon Prime-ზე 23 აგვისტოს შედგება, ერიქსონი ამბობს, რომ მას კარგი ცხოვრება ჰქონდა. "არ იდარდოთ, გაიღიმეთ", - ეუბნება იგი მაყურებელს და მოთამაშეებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივარს დიდ მადლობას უხდის
76 წლის შვედი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ მას პოზიტიურ ადამიანად გაიხსნებენ, რომელსაც არაფერზე დაუხევია უკან და ყველაფრის გაკეთებას ცდილობდა.
ერიქსონი იყო პირველი არაინგლისელი, რომელმაც ინგლისის ნაკრები ჩაიბარა. შვედი მწვრთნელი გუნდს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე ევრო 2004-სა და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ხელმძღვანელობდა. ერიქსონს დიდი გამოცდილება უმაგრებდა ზურგს: მას შვედეთის, პორტუგალიისა და იტალიის ჩემპიონატები ჰქონდა მოგებული ("გიოტენბურგთან", "ბენფიკასთან" და "ლაციოსთან" ერთად).
"კარგი ცხოვრება მქონდა. ალბათ ყველა ვუფრთხით იმ დღეს, როდესაც აქ აღარ ვიქნებით, მაგრამ სიცოცხლე ხომ სიკვდილსაც მოიცავს. უნდა მივიღოთ ზუსტად ისე, როგორც არის. იმედი მაქვს, როდესაც ყველაფერი დასრულდება, ხალხი იტყვის: კარგი კაცი იყო. თუმცა ამას ყველა არ დაეთანხმება". -
ფილმის თრეილერი სვენის სიტყვებით სრულდება: "სევდიანია და ლამაზი". მისი ბრძოლა სიმსივნესთან და უტეხი სული, მისდამი პატივისცემა და სიყვარული, "ლივერპულის" მიერ მოწყობილი სპეციალური მატჩი, მისი ღია წერილი საუთგეიტთან - ეს ყველაფერი მართლაც ლამაზი და სევდიანია. სვენის სიტყვები ჯიმ ჯარმუშის ფილმის (Down by Law) ერთ-ერთი სცენის ერთგვარი რემინესცენციაა, სადაც რობერტო ბენინი ტომ უეიტსს ეუბნება: "ეს სევდიანი და ლამაზი სამყაროა", რაზეც ტომი პასუხობს: "კი, სევდიანი და ლამაზი სამყაროა".