კატალონიური გრანდის ყოფილმა მცველმა - დანი ალვეშმა, მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა. დანი ალვეშის მტკიცებით, გაშვების შემდეგ მას კვლავ სურდა დაბრუნება, თუმცა "ბარსელონას" მესვეურებს შეცდომის აღიარების გამბედაობა არ აღმოაჩნდათ.
2008-16 წლებში, ალვეშმა "ბარსელონას" მაისური 391 შეხვედრაში მოირგო და კატალონიური გრანდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად ჩამოყალიბდა. "ბლაუგრანას" რიგებში მოპოვებული 23 ტიტულის - მათ შორის 6 ლა ლიგისა და 3 ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ალვეშისა და "ბარსელონას" გზები გაიყო.
თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვებული ალვეში, "იუვენტუსს" შუერთდა და ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა. პირველივე წელს, ალვეში სკუდეტოსა და იტალიის თასს დაეუფლა, თუმცა 2017 წელს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ალვეშმა "იუვენტუსი" დატოვა.
"იტალიაში წავედი, რათა დამემტკიცებინა რომ მაღალ დონეზე თამაში კვლავ შემეძლო, რის შემდეგაც "ბარსელონას" მესვეურებს დაბრუნება შევთავაზე.
"ბარსელონაში" დაბრუნება მსურდა, "კატალონიურ გრანდს" კი ჩემი დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ კლუბის მესვეურებს ჩემს წინაშე დაშვებული შეცდომის აღიარების გამბედაობა არ აღმოაჩნდათ. ისე რომ მომქცეოდნენ, როგორც ვიმსახურებდი - შესაძლოა დღეს კვლავ "ბარსელონას" ფეხბურთელი ვყოფილიყავი", - აღნიშნა დანი ალვეშმა.