Belive

ახალი წესი ფეხბურთში - ინგლისში მეკარეების ტყუილებს ებრძვიან

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისურ ფეხბურთში, მიმდინარე სეზონში, ახალი წესის აპრობაცია იწყება, რომლის მთავარი მიზანიც მეკარეების მიერ „ტაქტიკური ტაიმ-აუტების“ (ტრავმის მომიზეზება, ტემპის დაგდება) აღების პრაქტიკის აღკვეთაა. აღნიშნულმა საკამათო თემამ, გასულ სეზონში, მწვრთნელების, გულშემატკივრებისა და ექსპერტების დიდი კრიტიკა გამოიწვია.

ახალი წესის თანახმად, მეკარეს მოედანზე სამედიცინო დახმარებას ვეღარ გაუწევენ ისე, რომ გუნდს დროებით ერთი მინდვრის მოთამაშე არ დააკლდეს.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან (FA) მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ამ ცვლილებას მიმდინარე სეზონში პრემიერლიგა, საფეხბურთო ლიგა (EFL), ეროვნული ლიგა და ქალთა სუპერლიგა გამოსცდიან. ექსპერიმენტის ჩატარების ნებართვა ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) უკვე გაასცა.

როგორ იმუშავებს ახალი წესი?

  • მოთამაშის გაყვანა: სეზონის დასაწყისიდანვე, როდესაც მეკარე მოედანზე სამედიცინო დახმარებას მოითხოვს, გუნდმა მინდვრიდან ერთი მინდვრის მოთამაშე უნდა გაიყვანოს.

  • 10-წამიანი ლიმიტი: მას შემდეგ, რაც მსაჯი ექიმს მოედანზე შესვლის ნებართვას მისცემს, მთავარ მწვრთნელს 10 წამი ექნება იმ მოთამაშის შესარჩევად, რომელიც მინდორს დატოვებს.

  • კაპიტნის პასუხისმგებლობა: თუ მწვრთნელი მოთამაშეს განკუთვნილ 10 წამში ვერ დაასახელებს, მოედანს ავტომატურად გუნდის კაპიტანი დატოვებს.


    შესაძლოა, მეკარეებს ეს "ეშმაკობა" ძვირად დაუჯდეთ, რადგან თამაშის განახლების მომენტიდან, მოედანზე 10 კაცით იქნებიან და გასული ფეხბურთელი მხოლოდ მსაჯის თანხმობის შემდეგ შეძლებს მინდორზე დაბრუნებას.

    ახალი წესი პირველად შაბათს, კარაბაოს თასის წინასწარი რაუნდის მატჩზე გამოიცდება, სადაც ერთმანეთს ტრანმერი და როჩდეილი დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები