ახალი სკანდალი FIFA-ში: რატომ ედავებიან ნიგერია და იამაიკა ჯანი ინფანტინოს
ფიფა და მისი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მორიგი სკანდალის ცენტრში მოექცნენ. The New York Times-ის ინფორმაციით, ორგანიზაციამ მსოფლიო ჩემპიონატის წინ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებს უფლება მისცა, შემადგენლობაში არასათანადოდ დარეგისტრირებული მეკარე, ლიონელ მპასი ეათამაშებინა. ფიფამ წინასწარ იცოდა, რომ ფეხბურთელს საერთაშორისო სპორტული სტატუსის შეცვლისთვის საჭირო პროცედურები ბოლომდე არ ჰქონდა დასრულებული, თუმცა გუნდს არანაირი სანქცია თუ ჯარიმა არ დააკისრა.
32 წლის მეკარემ საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩებში, მათ შორის ნიგერიასა და იამაიკასთან შეხვედრებში, ითამაშა და კონგოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. მან ტურნირზეც ოთხივე მატჩი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა, სადაც კონგოელებმა ჯგუფიდან გასვლა მოახერხეს, თუმცა მოგვიანებით მერვედფინალში ინგლისთან 1:2 დამარცხდნენ.
ტურნირს მიღმა დარჩენილი ქვეყნების მხრიდან ამ გადაწყვეტილებას მკვეთრი უკმაყოფილება მოჰყვა. ნიგერიამ და იამაიკამ ფიფასგან ოფიციალური განმარტებები მოითხოვეს. მათი პოზიციით, მოთამაშეთა უფლებამოსილების საკითხი ყველა ნაკრების მიმართ ერთნაირად, სამართლიანად და რეგლამენტის სრული დაცვით უნდა განხილულიყო.
ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციამ მპასის სტატუსის გასაჩივრება სცადა, თუმცა ფიფამ პროტესტი არ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის განცხადებით, საჩივარი დაგვიანებით იყო წარდგენილი. ამასთან, ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ მათი კომიტეტები დამოუკიდებლად მოქმედებენ და გადაწყვეტილებებს არსებული რეგულაციების შესაბამისად იღებენ.
🚨 Shocking World Cup news: According to an investigation by the Times, FIFA officials determined DR Congo was fielding an ineligible player, but allowed the team to continue.
— DW Sports (@dw_sports) October 6, 2026
Congo then beat Nigeria and Jamaica to qualify for the World Cup.
FIFA dismissed Nigeria's complaint. pic.twitter.com/Tfep0LnmY6
მიუხედავად ამისა, ნიგერია დანებებას არ აპირებს და ფიფასგან ფინანსური ზარალის ანაზღაურებას განიხილავს. ეროვნულ სპორტულ კომისიაში განმარტავენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გაუმართლებლად განცდილმა მარცხმა ქვეყანას, ფეხბურთელებსა და ფედერაციას საპრიზო ფონდიდან, სპონსორებიდან და სავარაუდო ტრანსფერებიდან მილიონობით დოლარის შემოსავალი დააკარგვინა.
ახლა ნიგერია და იამაიკა სამართლებრივი დავის გაგრძელების შესაძლებლობებს სწავლობენ. ეს საქმე ფიფასთვის შესაძლოა სერიოზულ ფინანსურ და იურიდიულ პრობლემად იქცეს, თავად ჯანი ინფანტინოს კი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დამატებითი კრიტიკის ტალღასთან გამკლავება მოუწევს.