Belive

ადრიანო: წერილი ჩემს ფაველას

1 კვირის წინ ფეხბურთი
20 წთ

იცი, რას ნიშნავს, თავს დაპირებად გრძნობდე?

მე ვიცი.

თანაც, შეუსრულებელ დაპირებად.

ყველაზე დიდი გაბნეული ტალანტი ფეხბურთში: ეს მე ვარ.

ნარკოტიკებს არ მოვიხმარ, რასაც ასე ამტკიცებენ.

არც კრიმინალურ აქტივობებში ვარ გახვეული. მაგრამ, ცხადია, შემეძლო.

ღამის ცხოვრება და კლუბებში სიარული არ მომწონს.

ჩემს უბანში ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას გავდივარ, ნანას კიოსკში. თუ ჩემთან შეხვედრას ისურვებთ, შემოიარეთ.

დიახ, თითქმის ყოველდღე ვსვამ (ხანდახან, გადაბმულადაც).

როგორ შეიძლება ჩემნაირი ადამიანი მივიდეს იმ წერტილამდე, როდესაც თითქმის ყოველდღე დალევს?

არ მიყვარს თავის მართლება სხვებთან. თუმცა ამის დრო დადგა. ვსვამ იმიტომ, რომ ძალიან რთულია, მუდმივად შენი დაპირების ვალში იყო. რაც დრო გადის, უფრო და უფრო რთულდება.

იმპერატორს მიწოდებენ.

წარმოიდგინე.

ტიპმა დატოვა ფაველა და ევროპაში იმპერატორის სახელი მოიპოვა. ამას როგორ ახსნი? ამის გაგება დღემდე მიჭირს. კარგი, ესე იგი რაღაცები სწორად მიკეთებია.

ბევრს არ ესმის, რატომ მივატოვე დიდება იმისთვის, რომ ჩემს ძველ უბანში ჩამოვმჯდარიყავი და გათიშვამდე დამელია.

იმიტომ, რომ რაღაც ეტაპზე, ასე მსურდა. ეს კი ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელიც უკან დასაბრუნებელ გზას აღარ გიტოვებს.

თუმცა, ამაზე საუბარი ახლა არ მსურს. მინდა, რომ გამომყვე.

დიდი ხნის განმავლობაში, რიოს მდიდრულ ნაწილში, ბარა და ჩიზუკაში ვცხოვრობდი. თუმცა, ფესვები ფაველაში მაქვს გადგმული.

ვილა კრუზეირო. კომპლექსო და პენია. (belive: ვილა კრუზეირო არის უბანი ფაველების დიდ კომპლექსში, რომელსაც კომპლექსო და პენია ეწოდება).

მომიჯექი, მოტოციკლით წავიდეთ. მე ასე ვაკეთებ ხოლმე.

საჭირო ხალხს შევატყობინებ, რომ ერთად მივდივართ. დღეს გაიგებ, რას საქმიანობს რეალურად ადრიანო, მაშინ, როდესაც ერთ განსაკუთრებულ ადგილას, თავის ძმაკაცებთან ერთად იმყოფება. ყოველგვარი სისულელისა და გაზეთების მონაჩმახის ნაცვლად, ეს სინამდვილე იქნება.

წამოდი, უკვე ბნელდება. მალე საცობი დაიწყება და მოძრაობა გაჩერდება. არ იცოდი, არა? თუკი აქედან პენიამდე ყვითელი ხაზით წავალთ, მალე მივალთ, ძმაო. ოღონდ, თუკი ახლა წავალთ.

მოდიხარ თუ არა?


მოვედით, დასახლება აქედან იწყება. "ორდემ ე პროგრესოს" მოედანი. აქ უფრო მეტჯერ მითამაშია ფეხბურთი, ვიდრე სან სიროზე.

ვილა კრუზეიროში შესასვლელად და გამოსასვლელად მოედანთან უნდა ჩაიარო. ფეხბურთს ვერ აცდები, თავად გეხება.

აქ მამაჩემი მართლა ბედნიერი იყო. ალმირ ლეიტე რიბეირო. შეგიძლიათ, მირინიო დაუძახოთ, ყველა ასე იცნობდა. აქ ყველა პატივს სცემდა. გგონიათ, ვტყუი? ნებისმიერს ჰკითხეთ.

ყოველ შაბათს, ერთნაირ რუტინას ასრულებდა. იღვიძებდა ადრე, ზურგჩანთას გაამზადებდა და მოედანზე მიდიოდა. "წამოდი, გელოდები, წავედით! დღეს რთული მატჩი გველოდება", - ასე ამბობდა. ჩვენს სამოყვარულო გუნდს "ჰენგი" ერქვა. რატომ? აზრზე არ ვარ! როდესაც თამაში დავიწყე, უკვე ასე ეძახდნენ. ყვითელი და ლურჯი მაისურით დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი. ზუსტად იმავე ფერებით, როგორც "პარმაში". ევროპაში წასვლის შემდეგაც, Várzea-ს თამაშს კვლავ ვაგრძელებდი (belive: ბრაზილიაში, Várzea-ს ქუჩის ფეხბურთს უწოდებენ. უმეტესად, მიწაზე ან ბალახზე თამაშობენ. მოედანს მართკუთხედის ფორმა იშვიათად აქვს, მაგრამ ბრაზილიაში ეს არ ადარდებთ, მთავარი ფეხბურთის თამაშით მიღებული სიამოვნებაა).

2002 წელს, როდესაც სეზონი დასრულდა და იტალიიდან ბრაზილიაში დავბრუნდი, მეტი არაფერი მიკეთებია. აეროპორტიდან გამოსვლისთანავე, ტაქსიში ვჯდებოდი და გეზს კრუზეიროსკენ ვიღებდი. რა სიგიჟეა, დედაჩემის სახლშიც კი არ მივდიოდი.

მისვლისთანავე, ბარგს ვყრიდი და ხმაურს ვიწყებდი. ვაბრახუნებდი ჩემი ძვირფასი მეგობრის, კაშასას (მარადიული ხსოვნა მის სულს) და ჰერმესის კარზე - ჰერმესიც ჩემი ბავშვობის ძმაკაცია. ფანჯარას ვაწვებოდი: "გაიღვიძე ნ***ჭვარო! წავიდეთ!" ჩემი კიდევ ერთი მაგარი მეგობარი, ჟორჟინიოც შემოგვიერთდებოდა და... უბრალოდ სიგიჟე ხდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ თუ გვიპოვნიდით. მთელ უბანს შემოვივლიდით და ბურთით ვთამაშობდით, ყველა ადგილს მოვედებოდით, ბარიდან ბარში. ამას ვერავინ გაუძლებდა.

ჩვენი გუნდის, "ჰენგის" ერთ-ერთი მთავარი მეტოქე "ჩაპა კვენტე" იყო. ერთხელ, სამოყვარულო ტურნირზე, ფინალშიც კი ვითამაშეთ მათ წინააღმდეგ. მაშინ უკვე "პარმაში" ვთამაშობდი მამაჩემი ყოველდღე მელაპარაკებოდა: "შვილო, ტურნირზე უკვე დაგარეგისტრირე. შიშისგან გული უსკდებათ. მთელი თვეა, ვეუბნები, რომ ჩემი დიდი შავი ბიჭი მალე ჩამოვა. მპასუხობენ, უსამართლობააო, მაგრამ მათი აზრი არ მაინტერესებს, უნდა ითამაშო".

რა თქმა უნდა, ვითამაშე!

კოკა-კოლის პლასტმასის ბოთლით ხელში (მხოლოდ ეს სასმელი მოსწონდა), მამაჩემი "ჰენგის" სასტარტო თერთმეტეულს აცხადებდა.

კარში ანგრიზმარი, დაცვაში ლემონგრასი, რიჩარდი და კაშასა.

ლემონგრასი მწარე ტიპი იყო. ყველაფერზე წუწუნებდა. რიჩარდს ჩემნაირი (ან ჩემზე უკეთესი) დარტყმა ჰქონდა. ყველა შიშით კანკალებდა, როდესაც რიჩარდი საჯარიმო დარტყმისთვის ემზადებოდა.

ნახევარდაცვაში ჰერმესი და ალანი. მარჯვენა ფლანგზე კრეზეო, მარცხნივ - ჟორჟინიო, ჩვენი 7 ნომერი. შეტევაში, ფრანკი, დინგო და 10 ნომრის მფლობელი, ადრიანო".

ამ გუნდთან ერთად, ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებდი.

შევეცდები, ნათლად დაგანახოთ. რიოში ცხელა, წლის დასასრულია. ხმამაღალი მუსიკა, სამბა, შავგვრემანი, ცხელი ქალები აქეთ-იქით დადიან და ეწევიან. მაღალო ღმერთო, დაგვლოცე ყველა. ამაზე კარგი პლანეტაზე არაფერი იყო.

ფინალი მოვიგეთ და ფაველადან ფოიერვერკი გაუშვეს. ულამაზესი სცენა, მართლა საოცრება იყო.

ზუსტად ამ მოედანზე დავლიე პირველად. მამაჩემი გიჟს ჰგავდა. არ მოსწონდა, როდესაც ვინმე სვამდა - მითუმეტეს, ბავშვი.

მახსოვს, როდესაც პირველად ჭიქით ხელში დამინახა, 14 წლის ვიყავი. იმ დღეს ყველა ზეიმობდა. "ორდემ ე პროგრესოს" მოედანზე, როგორც იქნა, განათებები დაამონტაჟეს, რასაც ფეხბურთი და ბარბექიუ მოჰყვა.

ძალიან ბევრი ხალხია, სიხარულმა ყველა გააერთიანა, ეს Várzea-სთვის ჩვეულებრივი, დამახასიათებელი რამ არის. სამბა, ხალხი მიდი-მოდის. იმ პერიოდში, ალკოჰოლს არ ვეკარებოდი, თუმცა როდესაც ვნახე, რომ ყველა ბავშვი სვამდა და იცინოდა, შანსი აღარ დამრჩა. ავიღე პლასტმასის ჭიქა და ლუდით შევავსე. იმ მწარე, თხელ ქაფს, რომელიც ყელში ჩავიდა, განსხვავებული არომატი ჰქონდა. ჩემს თვალწინ, გართობის ახალი ფორმა დაიბადა. დედაჩემიც იქვე იყო, ყველაფერი დაინახა, მაგრამ არაფერი უთქვამს. რაც შეეხება მამაჩემს, ოოოოო....

როდესაც ჭიქით ხელში დამინახა, მოედანი ისეთი აჩქარებული ტემპით გადმოკვეთა, თითქოს ავტობუსზე აგვიანდებაო. "გაჩერდი!" დაიძახა. დედაჩემი და დეიდები ცდილობდნენ, სიტუაცია არ გამწვავებულიყო. "კარგი რა, მირინიო, თავის მეგობრებთან ერთადაა, არაფერს დააშავებს. იცინის, ერთობა, დაანებე თავი, ადრიანო იზრდება", - თქვა დედაჩემმა.

მისმა ნათქვამმა შედეგი არ მოიტანა.

მამაჩემი გიჟს ჰგავდა. ხელიდან ჭიქა გამომტაცა და მოისროლა. "შენთვის ეს არ მისწავლებია", - თქვა მან.

მირინიო ვილა კრუზეიროს ლიდერი იყო. მას ყველა პატივს სცემდა, ყველასთვის სამაგალითო იყო. ფეხბურთით ცხოვრობდა და ჰქონდა მისია, დაეცვა ბავშვები იმისგან, რისი გაკეთებაც არ შეიძლებოდა. ყოველთვის ცდილობდა, ბავშვები შეეკრიბა, რომ ფეხბურთი ეთამაშათ. სურდა, რომ უსაქმურად არავინ ყოფილიყო. მამამისი ბევრს სვამდა, ალკოჰოლმა სიცოცხლე წაართვა. ამიტომაც, ყოველ ჯერზე, როდესაც ბავშვებს სასმლით ხელში ხედავდა, დაუფიქრებლად მოქმედებდა. ჭიქებსა და ბოთლებს ძირს ყრიდა. შემდეგ, ტაქტიკა შეცვალა: როდესაც ყურადღებას მოვადუნებდით, კბილების პროთეზს იხსნიდა და ჭიქაში გვიგდებდა. ნამდვილი ლეგენდა იყო. როგორ მენატრება...

მისგან ყველაფერი ჟესტებით და მოქმედებებით ვისწავლე. ჩვენ ღრმა საუბრები არ გვქონია. ის არ იყო ადამიანი, რომელიც ფილოსოფიაზე ისაუბრებდა ან მორალურ გაკვეთილებს ჩაგიტარებდა. მე აღმაფრთოვანებდა მისი სამართლიანობა და ის პატივისცემა, რასაც სხვებისგან იღებდა.

მამაჩემის სიკვდილმა ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. დღემდე, ეს არის საკითხი, რომლის გადაჭრაც ვერ მოვახერხე. ყველაფერი უბედურება აქედან დაიწყო.

ვილა კრუზეირო მსოფლიოში საუკეთესო ადგილი არ არის. ყველაფერი პირიქითაა.

ვილა კრუზეირო ძალიან საშიში ადგილია. ცხოვრება რთულია. ხალხი იტანჯება. მეგობრები სხვა გზას ირჩევენ. თქვენს ირგვლივ მიმოიხედეთ და დამეთანხმებით. ახლა რომ ყველა ადამიანი გავიხსენო, რომელმაც ძალადობის გზით დაგვტოვა, დღეების განმავლობაში ვისაუბრებთ... ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.

კრუზეიროში, ერთ-ერთ წვეულებაზე, მამაჩემს თავში ესროლეს. ბრმა ტყვია მოხვდა. იმ ამბავში საერთოდ არ მონაწილეობდა. ტყვია შუბლში მოხვდა და კეფასთან გაიჭედა. ექიმებმა ვერ ამოუღეს. მას შემდეგ, ჩემი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. მამაჩემს ეპილეფსიის ხშირი შეტევები დაეწყო.

გინახავთ ადამიანი, რომელსაც ეპილეფსიის შეტევა აქვს? ეს არ უნდა ნახო.

გეშინია.

10 წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემს ესროლეს და ამ პრობლემებში გავიზარდე. მირინიომ მუშაობა ვეღარასდროს შეძლო. ოჯახზე ზრუნვა მთლიანად დედაჩემის კისერზე გადავიდა. და რა გააკეთა მან? მიიღო ეს გამოწვევა. მეზობლების დახმარებაზე იყო დამოკიდებული. აქ არავის აქვს სხვაზე მეტი. დედაჩემი მარტო არ დარჩენილა, ყოველთვის იყო ვიღაც, ვინც მას დახმარების ხელს გაუწვდიდა.

ერთხელ, მეზობელმა კვერცხების დიდი ყუთი მოიტანა და თქვა: "როსილდა, გაყიდე და ზედმეტი რაც დაგრჩება, შენთვის დაიტოვე, ადრიანოსთვის საჭმლის ყიდვას შეძლებ". დედაჩემს ფული არ ჰქონდა, მან კი დაამატა: "არ იდარდო, გაყიდე და მერე გადამიხადე". გეფიცებით, ზუსტად ასე იყო.

მეორე მეზობელმა გაზის ბალონი მოუტანა. "როსილდა, გაყიდე. თანხის ნახევარი მომეცი, მეორე ნაწილი შენთვის დაიტოვე". დედაჩემი ყოველდღე ძალიან ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ რაღაც გამოემუშავებინა. მამაჩემი სახლში იყო და დედაჩემი ორი ადამიანის საქმეს აკეთებდა, ვარჯიშზე კი ბებიას დავყავდი.

ერთ-ერთმა დეიდამ დაიწყო მუშაობა ისეთ ადგილას, სადაც საკვების ვაუჩერებს აძლევდნენ. რა თქმა უნდა, დედაჩემს გადასცა: "როსილდა, ბევრი არაფერია, მაგრამ ადრიანოს ნამცხვარს მაინც უყიდი".

ამ ხალხის გარეშე, არავინ ვიქნებოდი.

არავინ. 

ჯანდაბა, ამ ლაპარაკმა მომაწყურა. მოდი, ჩემს მეგობარს, ჰერმესს შევუაროთ, აი აქვეა!

აქ ბებიაჩემი ცხოვრობდა. დონა ვანდა, როგორი ადამიანი იყო... უკვე ვახსენე ხომ? "ადი-რანო, მოდი, პოპკორნი ჭამე". ჩემს სახელს სწორად დღემდე ვერ წარმოთქვამს.

ბავშვობაში, მის სახლში ყოველდღე ვრჩებოდი. დედაჩიმ, მამაჩემი და მე მე-9 ქუჩაზე ვცხოვრობდით, გორაკის ბოლოში. გინდა, ავიდეთ და ვინახულოთ? რთული ამბავია, იქ ბევრი რამ ხდება, ჯობს, აქ დავრჩეთ. ფაველას თავისი წესები აქვს, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ.

როდესაც პატარა ვიყავი, დედაჩემი სამუშაოდ მიდიოდა და ბებოსთან მტოვებდა. სკოლაში მივყავდი, შემდეგ კი "ფლამენგოში".

ჰერმეს, მეგობარო! დომინო მოამზადე. ფრთხილად იყავი, ქვებს მაგრად იპარავს. თვალი არ მოაცილო, ჰერმესი საძაგელი კაცია. ჟორჟინიო, აქ დაჯექი და დომინო გვათამაშე, შეგიძლია დაიწყო.

საღამოობით, ჭაში ვბანაობდით. ფაველას საცურაო აუზი ასეთია, მეგობარო. არ იცოდი, არა?

როდესაც ძალიან ცხელა, ბავშვები ხელში სათლს იღებენ და როგორც შეიძლიათ, ისე გრილდებიან. ასე გაგრილება დღემდე ყველაფერს მირჩევნია. აუზზე ან ზღვაზე მხოლოდ იმისთვის დავდივარ, რომ თითქოს, მდიდრული უბნის ნაწილად ვიგრძნო თავი. თუმცა რეალურად, ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც შხაპს სახლის სახურავზე ვიღებ, ან ერთ სათლ წყალს თავზე გადავივლებ - ზუსტად ისე, როგორც ამას ფაველაში ვაკეთებთ.

ამ ხალხის მოძრაობას ხედავ? ხმა თუ გესმის? ფაველა ძალიან სხვანაირი რამ არის. კარს აღებ და მეზობელს მაშინვე ხვდები. ფეხს გარეთ გაადგამ და მაღაზიის მეპატრონეს ხვდები, იქვე შენი დეიდა ჩანთით ხელში დგას და ფუნთუშეულს ყიდის, დალაქის ბიძაშვილი კი ფეხბურთის სათამაშოდ გეძახის. აქ ყველა ყველას იცნობს.

ევროპაში გადასვლისას, ყველაზე მეტად ამან გამაკვირვა. ქუჩებში სიჩუმეა. ხალხი ერთმანეთს არ ესალმება, ყველა თავისთვისაა. ჩემთვის რთული იყო პირველი შობა, რომელიც მილანში გავატარე.

წლის ბოლო ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველანი ერთად ვიკრიბებით, ყოველთვის ასე ხდებოდა. მე-9 ქუჩა ყოველთვის ხალხით იჭედებოდა, იმიტომ, რომ აქ მთავარი კაცი მირინიო იყო, ხომ ასეა? ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა. ახალ წელსაც, მთელი ფაველა ჩემი სახლის წინ იკრიბებოდა.

როდესაც "ინტერში" გადავედი, ზამთარში ძალიან გამიჭირდა. შობა დადგა და მე ბინაში მარტო დავრჩი. გარეთ ყინავდა. ჩრდილოეთ იტალიაში, როდესაც გარეთ სიცივეა, დეპრესია ისადგურებს. ყველას მუქი ფერის ტანსაცმელი აცვია, ქუჩები ცარიელია, დღე მოკლდება, ამინდი ნალექიანია. არაფრის ხალისი მქონდა, თანაც ამას მონატრება ემატებოდა და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი.

ზეედორფი შესანიშნავი მეგობარი იყო. მეუღლესთან ერთად, უახლოესი ადამიანებისთვის ვახშამი მოამზადა და სახლში დამპატიჟა. მისი ძმა მაღალი დონის ადამიანია. უნდა გენახათ, როგორ იყო მისი სახლი საშობაოდ მორთული. ყველაფერი ძალიან ლამაზი და გემრიელი იყო, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, რიო დე ჟანეიროში მინდოდა.

მათთან დიდი დრო არ გამიტარებია. ბოდიში მოვუხადე, სწრაფად დავემშვიდობე და ბინაში დავბრუნდი. სახლში დავრეკე. "გამარჯობა დე, შობას გილოცავ", - ვთქვი მე. "ჩემო შვილო, მენატრები. შობას გილოცავ. ყველა აქ არის, მხოლოდ შენ გვაკლიხარ", - მიპასუხა მან.

უკნიდან სიცილი ისმოდა. ხმამაღალი ხმა, დასარტყამი ინსტრუმენტი, რომელზეც ჩემი დეიდები უკრავდნენ და ახალგაზრდობას იხსენებდნენ. სცენა თვალწინ დამიდგა და ტირილი ამივარდა.

"კარგად ხარ შვილო"? - მკითხა დედამ. "კი, კი, ახლა დავბრუნდი მეგობრის სახლიდან", - ვუპასუხე. "ესე იგი, უკვე ივახშმე? დედა სუფრას ისევ აწყობს, ფუნთუშეულიც გვექნება", - თქვა მან. ეს უკვე მეტისმეტი იყო. ბებოს გაკეთებული ფუნთუშები მსოფლიოში საუკეთესოა. ძალიან ბევრი ვიტირე.

სლუკუნი დავიწყე. "კარგი დედა, ისიამოვნეთ, კარგი საღამო გაატარეთ, ყველაფერი კარგად არის".

სულიერად გატეხილი ვიყავი. ხელში არაყს ხელი დავავლე და არ ვამეტებ, მთელი ბოთლი მარტომ დავცალე. მთელი ღამე ვტიროდი, შემდეგ დივანზე გავითიშე. რა უნდა გამეკეთებინა? მილანში კონკრეტული მიზეზის გამო ვიყავი, რაზეც მთელი ცხოვრების მანძილზე ვოცნებობდი. ღმერთმა მომცა შესაძლებლობა, ფეხბურთი ევროპაში მეთამაშა. ღმერთის წყალობით, ჩემი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მათ ხომ ამდენი რამ გამიკეთეს და ეს იყო მცირედი, რაც მათთვის შემეძლო. ყველაფერი გააზრებული მქონდა, თუმცა სევდისგან ამან ვერ მიხსნა.

გინდა, ჩემი მეგობრის, ტოტას სახურავზე ავძვრეთ? იქ ჩემი თავშესაფარია. სასმელი ავიტანოთ და ხედს დაგანახებ. წამოდი, მეგობარო!

Tutufi უნდა ჩავრთო. არ გესმის, ხომ? როდესაც ტელეფონს დინამიკს უკავშირებ. რას ეძახით? Blootooth? ოო, არ ვიცი ინგლისური, მეშვიდე კლასამდე ვსწავლობდი! ფაველაში მუსიკა მაღალ ხმაზე უნდა ჩართო, აქ მუსიკას მხოლოდ ასე ვუსმენთ.

ხედავ? გროტა, შატუბა, აქეთ კრუზეიროა. რეალურად, ერთი და იგივეა, ყველაფერი ერთმანეთზეა მიწეპებული. თუმცა ხალხია განსხვავებული. იქვეა პენიას ეკლესია, რომელიც ყველას გვიცავს. კი, ეკლესიაში დავდივარ ხოლმე და ყელზე ყოველთვის ეს მედალიონი მიკეთია.

როდესაც "ინტერიდან" გამოვიქეცი, აქ დავიმალე. ვერავინ მიპოვა. ფაველას მთავარი წესია, ხმა არ ამოიღო. გგონია, ვინმე ჩამიშვებდა? აქ ვირთხები არ არიან, ძმაო. იტალიური პრესა შეიშალა. რიოს პოლიციამ საგანგებო ოპერაციაც კი ჩაატარა "ჩემს გადასარჩენად". ამბობდნენ, რომ მომიტაცეს. წარმოიდგინე, ვინმე ცდილობს, რომ აქ რაიმე მავნოს.... მე, ფაველას ბავშვს.

მოსაწონია თუ არა, მე თავისუფლება მჭირდებოდა. ვეღარ ვუძლებდი იმას, რომ იტალიიდან გასვლისთანავე, კამერებით უკან დამყვებოდნენ. არ ჰქონდა მნიშვნელობა, გზად ვინ მხვდებოდა, რეპორტიორი, ფარული გამომძალველი, თაღლითი თუ ვიღაც ნა**ჭვარი.

ჩვენს საზოგადოებაში, ასეთი წესები არ მოქმედებს. როდესაც აქ ვარ, არავინ იცის გარე სამყაროდან, რას ვაკეთებ. ეს მათი პრობლემა იყო. ვერ გაიგეს, რატომ წავედი ფაველაში. ეს დალევის, ქალებისა და მითუმეტეს, ნარკოტიკების გამო არ გამიკეთებია. ყველაფერი თავისუფლებისთვის გავაკეთე. მინდოდა, მეცოცხლა. მინდოდა, თავი ისევ ადამიანად მეგრძნო, ცოტათი მაინც. ესაა სიმართლე.

ვეცადე, მექნა ის, რაც მათ სურდათ. შეთანხმება დავდე რობერტო მანჩინისთან, ძალიან მოვინდომე ჟოზე მოურინიოსთან. მორატის მხარზე ვიტირე. მაგრამ არ შემეძლო იმისი გაკეთება, რასაც ითხოვდნენ. რამდენიმე კვირის განმავლობაში, თავს კარგად ვგრძნობდი, სასმელი არ დამილევია, ცხენივით ვვარჯიშობდი, თუმცა რეციდივი კვლავ ხდებოდა. ისევ და ისევ. ყველა მლანძღავდა. ამას ვერ ვეგუებოდი.

"ვაუ, ადრიანომ 7 მილიონი ევროს გამომუშავება შეწყვიტა. ყველაფერი ამის გამო გააკეთა?" - სულ ეს მესმოდა. არ იცოდნენ, რის გამო გავაკეთე ეს. გავაკეთე მხოლოდ იმის გამო, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი. მჭირდებოდა სივრცე, რომ გამეკეთებინა ის, რაც მსურდა.

ამას ხომ შენი თვალით ხედავ. რამე ცუდს ვაკეთებთ ახლა? არა. ერთადერთი რამ, რასაც ვილა კრუზეიროში ვნატრობ, მშვიდობაა. აქ ფეხშიშველი დავდივარ, ტანზე გახდილი მაქვს, მხოლოდ შორტები მაცვია. ვთამაშობ დომინოს, ჩამოვჯდები, ვიხსენებ ბავშვობის ისტორიებს, ვუსმენ მუსიკას, ვცეკვავ მეგობრებთან ერთად და მძინავს იატაკზე.

თითოეულ ამ პატარა ქუჩაზე მამაჩემს ვხედავ.

მეტი რა უნდა მინდოდეს?

აქ ქალებიც კი არ მომყავს. უბრალოდ, მინდა ვიყო მშვიდად და ჩემი არსებობა მახსოვდეს.

სწორედ ამიტომ ვბრუნდები აქ.

აქ პატივს მართლა მცემენ.

ეს ჩემი ისტორიაა.

აქ ვისწავლე, რას ნიშნავს ადამიანების ერთობა.

ვილა კრუზეირო მსოფლიოში საუკეთესო ადგილი არ არის.

ვილა კრუზეირო ჩემი ადგილია.