Belive

კახა ჩხეტიანი: "ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ არ ვფიქრობთ, წინ ეროვნული ლიგის 2 რთული მატჩი გველის" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საჩხერის "ჩიხურასთან" (1:0) გამარჯვების შემდეგ, "დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა შეხვედრა შეაფასა, მეტოქის ძალებზე, მისი გუნდის სათამაშო ხარისხსა და მოახლოებულ ევროსარბიელზე ისაუბრა. "წინა ტურში "ჩიხურამ" დაამტკიცა, რომ სანახაობრივი და შედეგიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია, აქედან გამომდინარე, რთულ მატჩს ველოდით. მათ მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ გვიან დაიწყეს და სათამაშო ფორმაში ნელ-ნელა შედიან, ეს ჩავარდნაც სწორედ ამის ბრალი იყო. მთლიანობაში, მათ თანამედროვე ხედვების მქონე კარგი მწვრთნელი ჰყავთ და იოლი მატჩის მოლოდინი არ უნდა გვქონოდა. "ჩიხურას" დღესაც ჰქონდა მომენტები, ისინი კონტრშეტევებზე კარგად გამოდიოდნენ. ჩვენ საგოლე მომენტები თავიდანვე გვქონდა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვჩქარობდით და ამის ბრალი იყო, რომ პირველი ნახევარი ვერ მოვიგეთ. შემდეგ თამაში ცოტა დალაგდა. მოედანზე კუხიანიძის და კუციას შეცვლამ თამაშის სურათი მთლიანად შეცვალა: ბურთი უფრო მეტად გავაკონტროლეთ, რაც მანამდე ვერ ხერხდებოდა და ჩვენი თამაში ვითამაშეთ. ჩვენს ფეხბურთელებს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ, ხოლო გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის მადლობას ვუხდი. გამარჯვება რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენი თამაში ვიპოვოთ. ჯერ მხოლოდ 6 თვეა რაც გუნდში ვარ და აქედან 3 თვე გაგვიცდა. სრულფასოვნად მოსამზადებლად საკმარისი დრო არ გვქონია. თუ ოდნავ მაინც გვეტყობა სათამაშო ხარისხი, ეს ჩვენი ბიჭების ნიჭიერების დამსახურებაა.  ცხადია ვფიქრობთ ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა ჯერ წინ ეროვნული ლიგის მატჩებია და ვცდილობთ შეხვედრიდან შეხვედრამდე მოვემზადოთ და მომავალ მეტოქეზე ვკონცენტრირდეთ. გარდა ამისა, წილისყრაც ჩასატარებელია და გასარკვევია თუ ვის დავუპირისპირდებით. ამის შემდეგ, უკვე შეგვეძლება მეტოქის შესწავლა და ევროტურნირზე სრულფასოვნად ფიქრი", - თქვა ჩხეტიანმა. 8 ტურის შემდეგ, თბილისელებს 4 მოგებითა და 3 ფრით 15 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში გორის "დილასთან" ერთად ლიდერის პოზიცია უკავიათ.

სხვა სტატიები