Belive

პირველი გოლები და 3 ქულა - საბურთალო ეროვნული ლიგის ლიდერია 

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
გიორგი კორიფაძე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის ახალ სეზონში გოლის გატანა მოახერხა. საჩხერის "ჩიხურას" საშტატო პენალტისტმა მიზანს სეზონის რიგით მესამე შეხვედრაში, 11-მეტრიანი დისტანციიდან მიაღწია. იმერული კლუბის გამოცდილმა მცველმა საქართველოს თასისა და სუპერთასის მოქმედ გამარჯვებულს და წინა სეზონის მესამეადგილოსან "საბურთალოს" გაუტანა. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე გამართულ შეხვედრაში, ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა და მას მერე გულშემატკივარმა ორმხრივი შეტევები იხილა. ორივე გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავდა და თბილისურ-საჩხერულ შეხვედრას ინტერესი თავიდანვე არე აკლდა. სათამაშო დღის პირველი მატჩი საგოლე მომენტების სიუხვით გამოირჩა. პირველ ნახევარში შესამჩნევი იყო ორი 9 ნომრის დუელი - "სიონიდან" "ჩიხურაში" გადაბარგებულ კახა კახაბრიშვილს გატანა რამდენჯერე შეეძლო, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ აქტიურობდა გიორგი გაბედავაც. მეტოქის კარის დასალაშქრად კარგი შანსი ჰქონდა გიორგი კოხრეიძესაც - თბილისელთა ათიანს საჯარიმო დარტყმის შემდეგ რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა. მასპინძლები შესვენებაზე ისე გავიდნენ, რომ წონასწორობის აღდგენა მაინც მოახერხეს. 43-ე წუთზე, იური ტაბატაძემ ბურთი მარჯვენა ფლანგზე, საჯარიმოს მისადგომთან მიიღო და მეტოქის კარისკენ გაგზავნა, პოზიცია დაკარგულმა დინო ჰამზიჩმა რეაგირება ვერ მოახერხა - 1:1. მეორე ნახევარში "საბურთალომ" უპირატესობა მოიპოვა. მოედანზე ლევან ყენიას შემოსვლამ, მასპინძელთა ნახევარმცველებს ბურთის დაჭერის შესაძლებლობა მისცა და სახიფათო მომენტებიც ერთი-მეორის მიყოლებით იქმნებოდა. ისე ჩანდა, რომ თუ ვინმე გოლის გატანას მოახერხებდა, ეს თბილისური კლუბი იქნებოდა. ასეც მოხდა, 75-ე წუთზე, საჩხერელებმა მასპინძლების ზეწოლას ვეღარ გაუძლეს, ყენიას მიერ საჯარიმოში გამჭოლ გადაცემას გიორგი გაბედავა ზუსტი დარტყმით გამოეხმაურა და ყოფილ კლუბს გამარჯვების გოლი გაუტანა. "საბურთალოს" უპირატესობის გაზრდის შესაძლებლობაც ჰქონდა. ყენიას საჯარიმო დარტყმიდან ჰამზიჩმა აჯობა, გაბედავას კი დუბლის შანსი ხარიხამ წაართვა. ამრიგად, ექს-ჩემპიონი პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 3 ქულის მოპოვება მოახერხა და ლიდერობაც მოიპოვა. შემდეგ ტურში, "საბურთალო" "მერანს" ესტუმრება, "ჩიხურა" კი "ლოკომოტივს" მიიღებს. "საბურთალო": კუპატაძე - ტაბატაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა (ჭიჭინაძე, 35), ლაკვეხელიანი - ტერა, ალთუნაშვილი - ლუმუ (ქავთარაძე, 71), გოშთელიანი (ყენია, 46), კოხრეიძე - გაბედავა. (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე. "ჩიხურა": ჰამზიჩი - მაჩაიძე, მამასახლისი, კაშია, ჯავაშვილი - კიკაბიძე (მუჯირი, 57), გვაზავა - კორიფაძე, ნონიკაშვილი, კახაბრიშვილი (ჩიკვაიძე, 71) - დეკანოიძე (ღავთაძე, 77). (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: ვახტანგ თურმანიძე. მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა.

სხვა სტატიები