Belive

51 გაძევება და განადგურებული სტადიონი | აბსოლუტური ანტირეკორდი მსოფლიო ფეხბურთში

10 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრაზილიურ ფეხბურთში უპრეცედენტო სკანდალი მოხდა. Mineiro Sub-20-ის მეორე დივიზიონის ნახევარფინალის პირველი მატჩი უბერლანდიასა და მამორეს შორის მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა, რაც 51 წითელი ბარათითა და გინესის მსოფლიო რეკორდის მოხსნით დასრულდა.

სტადიონზე დაძაბულობა მეორე ტაიმის დასაწყისში შეიქმნა, როდესაც უბერლანდიას მოთამაშის გაძევების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელები მოედანზე შეიჭრნენ. მსაჯზე ზეწოლისა და პროტესტის გამო, თამაში 40 წუთით შეჩერდა.

კულმინაციური მომენტი მეორე ტაიმის 54-ე წუთზე დადგა, მას შემდეგ, რაც მამორეს მესამე გოლის აღნიშვნისას, დავი ფერნანდესის მიერ მეტოქის სათადარიგო სკამის მისამართით გაკეთებულ პროვოკაციულ ჟესტს, უბერლანდიას მეკარეების მწვრთნელის მოედანზე შევარდნა და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

არეულობაში სწრაფად ჩაერთნენ ორივე გუნდის ძირითადი და სათადარიგო ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ბურთის მიმწოდებლებიც კი. უსაფრთხოების არარსებობის გამო მთავარმა მსაჯმა მატჩი შეწყვიტა და გაძევებები პირდაპირ თამაშის ოქმში ასახა.

საბოლოო ოქმის მიხედვით, სულ გაძევებულია 51 პირი: 43 ფეხბურთელი (ორივე გუნდის შემადგენლობიდან) და სამწვრთნელო შტაბის 8 წევრი.

ამ მაჩვენებლით მატჩმა წინა რეკორდს გადააჭარბა - 36 გაძევება, რომელიც 2011 წელს, არგენტინის მე-5 დივიზიონში, კლეიპოლსა და ვიქტორიანო არენასს შორის გამართულ შეხვედრაში დაფიქსირდა.

სამხედრო პოლიციის ინფორმაციით, მამორეს დელეგაციამ მოედნის დატოვების შემდეგ სტადიონის გასახდელი დაარბია. განადგურდა 14 კარი, ნიჟარები, ონკანები, ელექტროინსტალაცია, ავეჯი და აბაზანა. პოლიციაში ასევე შეიტანეს განცხადება უბერლანდიას ხელმძღვანელის მხრიდან მსაჯების მისამართით გაჟღერებული სიტყვიერი მუქარების გამო.

მამორემ 3:1 გაიმარჯვა, საპასუხო მატჩი კი 8 ნოემბერს უნდა გაიმართოს. თუმცა, გაურკვეველია, ვინ შეძლებს მოედანზე გამოსვლას. სპორტული სამართლის წესებით, გაძევებული მოთამაშეები ავტომატურად ტოვებენ მომდევნო შეხვედრას, თუმცა რადგან წითელი ბარათების უმეტესობა უშუალოდ მოედანზე არ უჩვენებიათ, საბოლოო ვერდიქტი მინას-ჟერაისის ფეხბურთის ფედერაციამ და სპორტული სამართლიანობის სასამართლომ (TJD) უნდა გამოიტანონ. ჩადენილი დარღვევების გამო, მონაწილეებს 180 დღემდე დისკვალიფიკაცია, ხოლო კლუბებს მსხვილი ჯარიმები ემუქრებათ.