Belive

46 წლის რონალდინიო მოედანზე ბრუნდება!

3 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფეხბურთო სამყარო ნამდვილი სენსაციის მოლოდინშია. ლეგენდარული ბრაზილიელი ჯადოქარი, რონალდინიო, 46 წლის ასაკში კარიერის განახლებას და მოედანზე დაბრუნებას გეგმავს. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა 'L'Équipe'-ის ინფორმაციით, „ოქროს ბურთის“ მფლობელი იტალიურ კლუბს უერთდება.

ბარსელონასა და მილანის ყოფილი ვარსკვლავი კონტრაქტს გააფორმებს რავენასთან, რომელიც იტალიის რანგით მესამე დივიზიონში (Serie C) ასპარეზობს. საინტერესოა, რომ რონალდინიო ამავდროულად ამ კლუბის აქციონერიც გახდება.

'L'equipe'-ს ცნობით, ამ გიჟური ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცხადება სულ მალე, 23 ივნისს, მაიამიში იგეგმება. სწორედ იქ გაჟღერდება დეტალები, თუ როგორ და რა სტატუსით მოგვევლინება ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და სანახაობრივი მოთამაშე იტალიის დაბალ ლიგაში.

თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, 'L'equipe' ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრაზილიელის დაბრუნებას ფრო სიმბოლური და მარკეტინგული ხასიათი ექნება, ვიდრე სუფთა სპორტული.

ყველასთვის გასაგებია, რომ 46 წლის ასაკში რონალდინიო Serie C-ის მძიმე და ფიზიკურ ფეხბურთში 90 წუთის განმავლობაში ვერ ირბენს. თუმცა, მისი სახელი რავენასთვის უდიდესი ფინანსური და მარკეტინგული დიდების მომტანი იქნება.

რონალდინიომ პროფესიონალური კარიერა 2015 წელს ფლუმინენსეში დაასრულა, თუმცა მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა მატჩებსა და მედიალიგებში. როგორც ჩანს, ფეხბურთის ღმერთებს ჯადოქრობა მოენატრათ და სულ მალე „რონის“ საფირმო ღიმილს უკვე ოფიციალურ იტალიურ მატჩებში ვიხილავთ.

სხვა სტატიები