4 საფეხურით წინ - საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში 4 საფეხურით დაწინაურდა.
სექტემბრის სანაკრებო შეხვედრების შემდეგ, FIFA-მ განახლებული რეიტინგი 6 ოქტომბერს გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 82-დან 78-ე ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველოს ნაკრებმა სექტემბრის თვეში ორი ოფიციალური მატჩი გამართა და ორივე მათგანში გამარჯვებას მიაღწია. უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი ტურის მატჩებში საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიას - 2:0 და გიბრალტარს - 2:1 აჯობა.
ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრებს რეიტინგში 1309.98 ქულა აქვს დაგროვებული და 78-ე პოზიციას იკავებს. ამაზე მაღალი საფეხურით წელიწადი ჩვენმა გუნდმა ბოლოს მხოლოდ 2013 წელს დაასრულა, როცა 65-ე პოზიცია დაიკავა.
საბოლოო ჯამში, პირადი რეკორდის დამყარების და 11-მატჩიანი წაუგებელი სერიის შექმნის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის საგზური და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში ადგილი მოიპოვა.
ოფიციალური ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაჟღერებულა, თუმცა, უდიდესი ალბათობით, ეროვნული გუნდი წლის ბოლომდე კიდევ 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.