Belive

3 თვიანი პაუზის შემდეგ - პრემიერ ლიგა ბრუნდება

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული პრემიერ ლიგა ოფიციალურად 17 ივნისს განახლდება. 3 თვიანი პაუზის შემდეგ, ინგლისის ელიტური საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატი, 28-ე ტურის გადადებული ორი დაპირისპირებით განახლდება. 17 ივნისს, თბილისის დროით 21:00 საათზე გასავარდნ ზონაში მყოფი "ასტონ ვილა" "შეფილდს" დაუპირისპირდება. მე-19 პოზიციაზე მყოფი "ასტონ ვილა" უკანასკნელ 4 ტურში დამარცხდა და მორიგი მარცხის შემთხვევაში სავალალო მდგომარეობაში ჩავარდება. რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფება "შეფილდი", რომელიც მე-7 ადგილზე იმყოფება და გრანდებს ევროსაგზურისათვის უწევს კონკურენციას. "ვილა პარკზე" გულშემატკივრის გარეშე ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. 17 ივნისს გასამართი მეორე გადადებული შეხვედრა გაცილებით უფრო დიდ ინტერესს იწვევს. 23:15 საათზე, "მანჩესტერ სიტი" "არსენალს" უმასპინძლებს. "ლივერპულთან" 25 ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, თუმცა "ქალაქელებმა" ყველა ღონე უნდა იხმარონ და დარჩენილ მატჩებში გამარჯვება მოიპოვონ. "არსენალს" გამარჯვება არანკლებ ესაჭიროება. 40 ქულით მე-9 პოზიციაზე მყოფი მეთოფეები, გამარჯვების შემთხვევაში, მე-4 ადგილოსან "ჩელსისთან" 5 ქულამდე შეამცირებენ სხვაობას და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში მოსახვედრ შანსს შეინარჩუნებენ. გადადებული შეხვედრების დასრულების შემდეგ, პრემიერ ლიგის 30-ე ტურის მატჩები 19 ივნისს აიღებს სტარტს. 30-ე ტურში რამდენიმე განსაკუთრებული დაპირისპირება გველის, რომელსაც აუცილებლად უნდა ვადევნოთ თვალი.

"ნორვიჩი" Vs. "საუთჰემპტონი"

"ტოტენჰემი" Vs. "მანჩესტერ იუნაიტედი"

"უოტფორდი" Vs. "ლესტერი"

"ბრაიტონი" Vs. "არსენალი"

"ვესტ ჰემი" Vs. "ვულვზი"

"ბორნმუთი" Vs. "კრისტალ პალასი"

"ნიუკასლი" Vs. "შეფილდი"

"ასტონ ვილა" Vs. "ჩელსი"

"ევერტონი" Vs. "ლივერპული"

"მანჩესტერ სიტი" Vs. "ბარნლი" პრემიერ ლიგის 30-ე ტურის მატჩები 19,20 და 21 ივნისს გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, ევროტურნირებზე მოსახვედრად გრანდებს შორის მედგარი ბრძოლა გაიმართება. აუტსაიდერები ელიტაში დარჩენისთვის იბრძოლებენ.

"ტოტენჰემი" Vs. "მანჩესტერ იუნაიტედი"

30-ე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ლონდონში, "ტოტენჰემ ჰოტსპურის" სტადიონზე გაიმართება. "ტოტენჰემი" 41 ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფება და მეოთხე ადგილოსან "მანჩესტერ იუნაიტედს" 4 ქულით ჩამორჩება. "სპურსის" მთავარი მწვრთნელის რანგში, ჟოზე მოურინიო ყოფილი გუნდის დამარცხებას და უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვებას ლონდონში შეეცდება. პრემიერ ლიგის უკანასკნელ 3 ტურში "ტოტენჰემმა" 1 ფრედ დაასრულა და ორჯერ დამარცხდა - "წითელი ეშმაკები" უკანასკნელ 5 ტურში დაუმარცხებლად ასპარეზობენ (3 მოგება, 2 ფრე). "ტოტენჰემისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება 19 ივნისს, თბილისის დროით 23:15 საათზე გაიმართება.

"ევერტონი" Vs. "ლივერპული"

მერსისაიდული დერბი ყოველთვის დრამატულობით გამოირჩევა და გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მართალია "ლივერპულმა" საჩემპიონო ინტრიგა პრაქტიკულად მოკლა და 30 წლიანი პაუზის შემდეგ ნანატრ ტიტულს ნაადრევად დაეუფლება მაგრამ იურგენ კლოპის გაწვრთნილი გუნდი დერბიში 3 ქულის მოპოვებას შეეცდება. პრემიერ ლიგის დასრულებამდე 9 ტურით ადრე, "ლივერპული" "მანჩესტერ სიტის" 25 ქულიანი სხვაობით უსწრებს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს - "ევერტონი" რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფება. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი "ევერტონი" 37 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება და გასავარდნ ზონაში მყოფ "ბორნმუთს" 10 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში, "ევერტონს" "ლივერპული" 2006 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია. 2006 წლის 9 სექტემბერს, "ევერტონმა" "ლივერპულს" 3 უპასუხო გოლი გაუტანა. მას შემდეგ გამართული ყველა დაპირისპირება "ლივერპულის" დომინირებით ან ფრედ სრულდება.

სხვა სტატიები