Belive

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი ცნობილია

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

2026 წელს მექსიკაში, კანადასა და აშშ-ში ისტორიაში ყველაზე დიდი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. ფიფამ გამოავლინა ყველა მატჩის ჩატარების თარიღი და ადგილი.

ეს იქნება პირველი მუნდიალი, როცა ტურნირში მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს, მაშინ როცა უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატები 32-გუნდიანი იყო. ტურნირზე სულ 108 თამაში ჩატარდება და შეხვედრებს 3 ქვეყნის 16 ქალაქი უმასპინძლებს. 2026 წლის მუნდიალი 11 ივნისს, მეხიკოში გაიხსნება. გამხსნელი სტადიონი ყველასათვის ნაცნობი "აცტეკაა" (Estadio Azteca). ეს იქნება მესამე მსოფლიო ჩემპიონატი მექსიკაში, მეორე - აშშ-ში, კანადა კი უმაღლეს ფორუმს პირველად უმასპინძლებს.

მეხიკოში მდებარე Estadio Azteca 83000 მაყურებელს იტევს. ამ სტადიონმა 1970 და 1986 წლების მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩებსა და ფინალებს უმასპინძლა, სწორედ ამ არენაზე დიეგო მარადონამ გაიტანა ცნობილი გოლი (ღმერთის ხელი) ინგლისის წინააღმდეგ, 1986 წლის მეოთხედფინალში.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 2026 წლის 19 ივლისს, ნიუ ჯერსიში, MetLife სტადიონზე გაიმართება. სტადიონი, რომელიც მდებარეობს ნიუ იორკიდან ხუთი მილის დაშორებით, 82 500 მაყურებელს იტევს და ამჟამად NFL-ის "ნიუ იორკ ჯაიანტის" და "ნიუ იორკ ჯეტსის" საშინაო არენაა. ნიუ იორკის მერი ერიკ ადამსი და ნიუ ჯერსის გუბერნატორი ფილ მერფი სწორედ ამ სტადიონს ლობირებდნენ, მთავარი მოტივი კი რეგიონის საერთაშორისო მიმზიდველობა და უზარმაზარი ინფრასტრუქტურის ქონაა.

ფიფამ გამოაქვეყნა ინფოგრაფიკა, რომელშიც ნაჩვენებია ტურნირის ყველა მატჩის თარიღი და ადგილი, მათ შორის ნახევარფინალები, რომლებიც დალასსა და ატლანტაში უნდა ჩატარდეს. მეოთხედფინალების მასპინძელი ქალაქები კი ლოს ანჯელესი, კანზას სიტი, მაიამი და ბოსტონი იქნებიან.