Belive

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონები - სად არიან და რას საქმიანობენ ისინი დღეს?!

7 თვის წინ ფეხბურთი
10 წთ

2010 წელს, მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში ნიდერლანდები ანდრეს ინიესტას ერთადერთი გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა. 

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი სამხრეთ აფრიკაში გაიმართა და მატჩს 84 490 ადამიანი დაესწრო. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2010 წელს ესპანეთი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრები იყო. მათ ფორმის პიკში მყოფი მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" ვარსკვლავები ჰყავდათ. 

საინტერესოა, სად არიან მსოფლიო ჩემპიონები 13 წლის შემდეგ და რას საქმიანობენ ისინი. სწორედ ამიტომ, დეტალურად მივყვეთ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობას. 

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები

იკერ კასილასი

 

იკერ კასილასი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეუდარებლად გამოიყურებოდა, სწორედ ამიტომ, ის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა. ალბათ ყველას ახსოვს, თუ რა ბურთის მოგერიება შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, რობენის წინააღმდეგ. 

იკერმა კარიერა 2020 წელს გულის პრობლემების გამო დაასრულა და დღეს ბიზნესს მიჰყო ხელი.  

რაულ ალბიოლი

რაულ ალბიოლი დღეს 38 წლის არის, თუმცა მისი საფეხბურთო კარიერა კვლავ გრძელდება და იგი "ვილიარეალის" ცენტრალური მცველია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან 2023/2024 წლების სეზონის შემდეგ, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. 

ჟერარ პიკე

პიკე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი იყო. მან 7/7 მატჩი ძირითადიდან დაიწყო და მსოფლიო ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 

პიკემ კარიერა 2022 წელს დაასრულა და დიდ ბიზნესში გადაერთო. 

კარლოს მარჩენა

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ძირითადის ფეხბურთელი არ ყოფილა, იგი მსოფლიოსა და 2-გზის ევროპის ჩემპიონია. 

კარლოს მარჩენამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, თუმცა ფეხბურთში დარჩა და ახლა ქართველი მეკარის - გიორგი მამარდაშვილის კლუბის - "ვალენსიას" მწვრთნელის ასისტენტია. 

კარლეს პუიოლი

ლეგენდარული კარლეს პუიოლი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი გმირია. სწორედ კარლეს პუიოლის ერთადერთი გოლის წყალობით შეძლო ესპანეთმა გერმანიის ნაკრების დამარცხება და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა. 

კარლეს პუიოლმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ახლა იგი ფეხბურთელების აგენტად მუშაობს. 

ანდრეს ინიესტა

მატჩის 116-ე წუთი, დარტყმა და გოლი - ანდრეს ინიესტამ ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახადა. 

წლების შემდეგ კი ანდრეს ინიესტას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რა იყო მის კარიერაში ყველაზე დიდი, რაც კი ოდესმე გაუკეთებია. ინიესტამ დაუფიქრებლად უპასუხა: ,,მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გატანილი გოლი''. 

ანდრეს ინიესტა საფეხბურთო კარიერას დღემდე აგრძელებს, იგი რამდენიმე წლის განმავლობაში იაპონიაში, კერძოდ, "ვისელ კობეში" თამაშობდა, 2023 წლის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი, საუდის არაბულ "ემირეიტსში" გადაბარგდა. 

დავიდ ვილა 

დავიდ ვილა 2010 წლის მუნდიალზე, დიეგო ფორლანთან, ტომას მიულერთან და უესლი სნეიდერთან ერთად, შეჯიბრის თანაბომბარდირი გახდა (5 გატანილი გოლი). 

გარდა ამისა, დავიდ ვილამ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინა და უძლიერესი ფეხბურთი აჩვენა.

დავიდ ვილამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ახლა კი აშშ-ში ერთ-ერთი კლუბის მფლობელია, იგი ასევე ესპანურ კლუბ "ოდიშას" ტექნიკური დირექტორია.   

ხავი ერნანდესი

ხავი ერნანდესი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა. მან ტურნირზე ყველაზე მეტი (599) შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 

ხავი ერნანდესმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სამწვრთნელო კარიერას შეუტია. იგი ჯერ კატარული კლუბის მწვრთნელი იყო, ახლა კი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელია. 

ფერნანდო ტორესი

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრეტენზიები სწორედ ფერნანდო ტორესისკენ მიდიოდა, რადგან მან მსოფლიო ასპარეზობაზე გოლის გატანა ვერ შეძლო. 

ფერნანდო ტორესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ახლა მადრიდის "ატლეტიკოს" ახალგაზრდული კლუბის მთავარი მწვრთნელია. 

სესკ ფაბრეგასი

სესკ ფაბრეგაში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების 10 ნომერი იყო, თუმცა ბუსკეტსის, ჩაბი ალონსოს, ხავისა და ინიესტას ყოფნის გამო, მას ძირითადი შემადგენლობიდან არცერთი თამაში არ დაუწყია. 

ფაბრეგასი საფეხბურთო კარიერას აგრძელებს და იგი ახლა სერია B-ში, "კომოს" ღირსებას იცავს. ასევე ცნობილია ის ფაქტი, რომ სეზონის ბოლოს იგი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. 

ჟოან კაპდევილა

ჟოან კაპდევილა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი ნაკრებიდან  ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც არც "ბარსელონას" და არც მადრიდის "რეალის" ღირსებას არ იცავდა. იგი "ვილიარეალის" ერთადერთი წარმომადგენელი იყო. 

კაპდევილამ ყველა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა. 

კაპდევილამ 2017 წელს საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ახლაც ფეხბურთის სფეროში, კერძოდ კი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს. 

ვიქტორ ვალდესი 

მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ვალდესს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არცერთი მატჩი არ უთამაშია, იგი მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულს მაინც დაეუფლა. 

ვიქტორ ვალდესმა საფეხბურთო კარიერა 2019 წელს დაასრულა, მას შემდეგ, "ჰორტაში" მთავარ მწვრთნელად მუშაობს. 

ხუან მატა

ვიქტორ ვალდესის მსგავსად, ხუან მატასაც 2010 წლის მსოფლიო თასზე თამაშის მინიმალური შესაძლებლობა მიეცა, თუმცა, იგი მსოფლიოს ჩემპიონია. 

მატა საფეხბურთო კარიერას დღემდე აგრძელებს და იგი "ვისელ კობეს" ღირსებას იცავს. 

ხაბი ალონსო

 

ხაბი ალონსო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონის ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურა იყო. სწორედ მასზე დაჯარიმების გამო გააძევეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან დე იონგი. 

ხაბი ალონსომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, თუმცა იგი ფეხბურთში დარჩა და "ლევერკუზენის" მთავარი მწვრთნელია. 

სერხიო რამოსი

ლეგენდარული ესპანელი მცველი - სერხიო რამოსი, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონია. მან 1 მატჩის გარდა, ყველა თამაშში 90 წუთი ითამაშა. 

სერხიო რამოსი კარიერას დღემდე აგრძელებს და მეტიც, იგი 37 წლის ასაკში, მშობლიურ კლუბ "სევილიაში" დაბრუნდა და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. 

სერხიო ბუსკეტსი

სერხიო ბუსკეტსი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო. მან მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა და 1 მატჩის გარდა, ყველა მატჩში 90 წუთი ითამაშა. 

სერხიო ბუსკეტსის საფეხბურთო კარიერა დღემდე გრძელდება და იგი "ინტერ მაიამის" ღირსებას იცავს. 

ალვარო არბელოა

ალვარო არბელოამ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ 13 წუთი ითამაშა, ისიც ჰონდურასის ნაკრების წინააღმდეგ, თუმცა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მაინც მოიპოვა. 

არბელოამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ახლა იგი მადრიდის "რეალის" ახალგაზრდული კლუბის მწვრთნელია.  

პედრო

2010 წელს პედრო "ბარსელონას" ღირსებას იცავდა და საკმაოდ კარგად გამოიჩინა თავი, მისი მონდომება კი იმჟამინდელი ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - დელ ბოსკემ დაინახა და ეროვნულ ნაკრებში უხმო. 

პედრომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 5 თამაში ჩაატარა, სადაც 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

პედროს საფეხბურთო კარიერა დღემდე გრძელდება და იგი "ლაციოს" შემადგენლობაშია. 

ფერნანდო ლორენტე

ფერნანდო ლორენტე 2010 წელს ბილბაოს "ატლეტიკში" დაფრინავდა, სწორედ ამ საოცარი ფორმის გამო, მიიღო მან 2010 წლის ესპანეთის დიდებულ ნაკრებში ადგილი და მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულიც მოიპოვა. 

ფერნანდო ლორენტემ მსოფლიო პირველობაზე მხოლოდ1 მატჩი ითამაშა, 31 წუთის განმავლობაში. იგი პორტუგალიის ნაკრებს უტევდა (1/8-ფინალში). 

ლორენტემ 2023 წელს საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 

ხავი მარტინესი 

ხავი მარტინესიც იმ ფეხბურთელების სიაში შედის, რომლებსაც მსოფლიო თასზე მინიმალური სათამაშო დრო მიეცათ, თუმცა მსოფლიო ჩემპიონები მაინც გახდნენ. 

მარტინესმა ჯგუფის ბოლო მატჩში ჩილეს წინააღმდეგ მხოლოდ 16 წუთი ითამაშა. 

ხავი მარტინესი ახლა 34 წლის არის და იგი კატარის ჩემპიონატში, კერძოდ კი, საფეხბურთო კლუბ "კატარში" ირიცხება. 

დავიდ სილვა

დავიდ სილვა 2010 წელს ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი იყო, თუმცა მან მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

სილვამ პირველ თამაშში შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ მოედანზე 62 წუთი გაატარა, ნახევარფინალში გერმანიის წინააღმდეგ კი, მხოლოდ 4 წუთი ითამაშა. 

დავიდ სილვამ, 2023 წელს საფეხბურთო კარიერა "რეალ სოსიედადში" დაასრულა. 

ხესუს ნავასი

ხესუს ნავასი მსოფლიო თასზე ესპანეთის ნაკრების ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მან 3 მატჩი ითამაშა, აქედან 1 მატჩი სრულად, ფინალში კი მოედანზე 60 წუთი გაატარა. 

ხესუს ნავასი საფეხბურთო კარიერას კვლავ აგრძელებს და იგი "სევილიას" ღირსებას იცავს. 

პეპე რეინა

პეპე რეინა ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოედანზე 1 წუთიც არ გაუტარებია. 

პეპე რეინა დღეს, 41 წლის ასაკში, ,,ვილიარეალის" ღირსებას იცავს. 

სხვა სტატიები