Belive

დინამოს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - მოქმედმა ჩემპიონმა შუქურას მოუგო და ლიდერობა გაიმყარა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
7 აპრილს, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მოქმედმა ჩემპიონმა, დინამო თბილისმა ელიტაში დაბრუნებულ ქობულეთის "შუქურას" - 1:0 აჯობა. შეხვედრის საწყისი წუთებიდანვე, უპირატესობას თბილისელები დაეუფლნენ. გიორგი ნემსაძის შეგირდებმა ბურთზე კონტროლი დააწესეს და მეტოქის კარის აღებას ფლანგიდან ჩაწოდებებისა და კომბინაციური ფეხბურთის თამაშით ცდილობდნენ. რაც შეეხებათ აჭარლებს, მათ მეორე ნომრად თამაში და ფონს გასვლა კონტრშეტევების მეშვეობით სცადეს. მიუხედავად ორივე გუნდის რამდენიმე მცდელობისა, პირველ ნახევარში გოლი არ გასულა. თამაშის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა: "დინამოს" ფეხბურთელები ბურთს არ თმობდნენ და გოლის გატანას აქტიურად ცდილობდნენ, თუმცა პირველ ნახევართან შედარებით, შეხვედრის ნომინალური მასპინძლები გაცილებით უფრო აქტიურები იყვნენ. მიუხედავად ამისა, რეალური საგოლე ეპიზოდი არცერთ გუნდს 65-ე წუთამდე არ შეჰქმნია, იქამდე ვიდრე გიორგი გაბედავამ მეტოქის საჯარიმოში პენალტის დარტყმის უფლება არ მოიპოვა, რომელიც შემდეგ გოლად თავადვე აქცია - 0:1. გაშვებული გოლის შემდეგ, აჭარული კლუბის ფეხბურთელები გააქტიურდნენ და ქულის გადარჩენა სცადეს. განსაკუთრებით აქტიური შეცვლაზე შემოუსლი გიორგი ჩელებაძე იყო, თუმცა მას როინ კვასხვაძემ აჯობა და გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 84-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გოლი შექმნეს - გიორგი კუციამ აქტიური ქმედების შემდეგ, მეკარის პირისპირ თორნიკე ახვლედიანი დატოვა, რომელმაც მეტოქის კარის დალაშქვრა ერთი შეხებით შეძლო - 0:2. აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ, შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა (0:2) და თბილისურმა კლუბმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. ამ გამარჯვებით, "ლურჯ-თეთრებმა" 16 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარეს, ხოლო ზღვისპირელები 8 ქულით, ამ ეტაპისთვის, მეხუთე ადგილზე იმყოფებიან. მერვე ტურში, "დინამო" 11 აპრილს, "სამტრედიას" "დინამო არენაზე" უმასპინძლებს, ხოლო "შუქურა" იმავე დღეს, კიდევ ერთ თბილისურ კლუბ "საბურთალოს" შეხვდება და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტუმრება. "შუქურა": შეროზია - ფარტენაძე, ჭანტურია (კ), რეხვიაშვილი, გაფრინდაშვილი (მუსელიანი, 20) - კაკაშვილი, გურეშიძე, ხმალაძე - კაბრალი (ინგოროყვა, 60), სარდალიშვილი (როხვაძე, 75) - ჯერალდო (ჩელებაძე, 60). მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი. "დინამო თბილისი": კვასხვაძე - ხვადაგიანი, პაპავა (კ), მონხილი - სპორქსლეიდი (კუცია, 75), მექვაბიშვილი (ქარდავა, 55), გაგნიძე, კობოური - რადინი (მოისწრაფიშვილი, 75) - მარუშიჩი (ახვლედიანი, 75), გაბედავა (კეიტა, 65). მთავარი მწვრთნელ: გიორგი ნემსაძე. გოლგიორგი გაბედავა (65), თორნიკე ახვლედიანი (84). გაფრთხილება: ზურაბ მუსელიანი (21), ლუკა გაგნიძე (59), გიორგი რეხვიაშვილი (63), (გიორგი ნემსაძე, გაძევება, 71), გიორგი მოისწრაფიშვილი (80), კახაბერ კაკაშვილი (81). მსაჯი: ირაკლი ხერხაძე.

სხვა სტატიები