Belive

თელავმა სამტრედიას შეყილაძის სადებიუტო გოლით მოუგო და სეზონი 3 ქულით დაიწყო 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
28 მარტს, საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "თელავი" და "სამტრედია" დაუპირისპირდნენ. მატჩი რუსთავში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა, რადგან თოვლის გამო, "კავკასიონი არენას" მოედნის საფარი, შეხვედრის მიღებისთვის იდეალურ გარემოში არ იმყოფებოდა და კახურმა კლუბმა ნომინალური მასპინძლის როლი ქვემო ქართლში მოირგო. შეხვედრა, რომელიც ძლიერი ქარის ფონზე შედგა, "თელავის" უპირატესობით წარიმართა და ეს შედეგშიც აისახა - კახელებმა მინიმალური უპირატესობით (1:0) იმარჯვეს, ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი კი გუნდის ახალწვეული, შოთა შეყილაძე აღმოჩნდა. 21 წლის თავდამსხმელმა, რომელიც მთელი 90 წუთის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, პირველი ნახევრისთვის დამატებულ მეორე წუთზე, ვაჟა ფაცაციას მიერ მიღებული მშვენიერი გადაცემით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტად შეასრულა. ეროვნული ლიგის წინა სეზონის დებიუტანტმა ახალი გათამაშება გამარჯვებით და 3 ქულით დაიწყო. რევაზ გოცირიძის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ შეხვედრას 6 მარტს, თბილისში, "ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება გია ცეცაძეს, რომლისთვისაც კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი წარუმატებელი აღმოჩნდა, მისი გუნდი მორიგ დაპირისპირებას საშინაო კედლებში, "ეროსი მანჯგალაძეზე", 5 მარტს, გორის "დილას" წინააღმდეგ ჩაატარებს. "თელავი": ჩოჩიშვილი - ძოწენიძე, ბერიაშილი, ფაცაცია - კაპანაძე (გაბისკირია, 90+4), მიხეილ ბაშალეიშვილი, ჯანელიძე, შერგელაშილი - ინჯგია (რუხაძე, 63), შეყილაძე, არდაზიშვილი (მირიან ჯიქია, 66) (3-4-3). მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე. "სამტრედია": კულუა - მილუტინოვიჩი, ვიერა (მასკარენია, 56), კერძევაძე - კობახიძე (იოსელიანი, 56), რობაქიძე (გადირზადე, 68), ცეცხლაძე, ახალაძე - ჟუნიორი (ვარიეტი, 76), ლუკავა, დავით ჯიქია (კვირკვია, 68) (3-4-3). მთავარი მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე. გოლი: 1:0 შოთა შეყილაძე (45+2). გაფრთხილება: გიორგი ჯანელიძე (35), ვაჟა ფაცაცია (70), მიხეილ ბაშალეიშვილი (83).

სხვა სტატიები