Belive

100%-ით გადაწყვეტილია - საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 4-გუნდიან ჯგუფში ითამაშებს

2 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

Football Meets Data-ს ცნობით, 100%-ითაა გადაწყვეტილი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მე-3 კალათშია, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-გუნდიან ჯგუფში იასპარეზებს.

ხუთგუნდიანი ჯგუფებისთვის ციკლი 2025 წლის 21-22 მარტს დაიწყება, საქართველოს ნაკრებს კი 20-23 მარტს ერთა ლიგის პლეი-აუტის შეხვედრები ელის (მეტოქე დღეს გაირკვევა). შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდი მუნდიალის შესარჩევ ეტაპს 4-6 სექტემბერს დაიწყებს, ბოლო ტურის შეხვედრას კი 16-18 ნოემბერს გამართავს.

  • ასევე 100%-ითაა ცნობილი, რომ მე-2 კალათის გუნდები - შვედეთი, უელსი, პოლონეთი, რუმინეთი, ნორვეგია და ჩეხეთი 5-გუნდიან ჯგუფში ითამაშებენ, რაც საქართველოს ამ ნაკრებებთან ერთ ჯგუფში მოხვედრას გამორიცხავს. მე-2 კალათის დარჩენილი გუნდები - უკრაინა, თურქეთი, უნგრეთი, სერბეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი კი 4-გუნდიან ჯგუფებს დააკომპლექტებენ, რაც ნიშნავს, რომ ამ კალათიდან საქართველოს სავარაუდო მეტოქეები, სწორედ ეს 6 ნაკრებია.

  • გარდა ამისა, გადაწყვეტილია, რომ მე-4 კალათის გუნდები - ბულგარეთი, კოსოვო და სომხეთი, 4-გუნდიან ჯგუფში იასპარეზებენ.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 13 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

მომავალ მუნდიალზე, რომელშიც 32-ის ნაცვლად 48 ნაკრები იასპარეზებს, ევროპას 16 წარმომადგენელი ეყოლება - 12 პირველადგილოსანი საგზურს პირდაპირ გაიფორმებს, 12 მეორეადგილოსანი კი, ერთა ლიგის 4 საუკეთესო ნაკრებთან ერთად, 2026 წლის მარტში პლეი-ოფში ითამაშებს და დარჩენილი 4 საგზურის მოპოვებას ეცდება.

წილისყრაში მონაწილეობას მიიღებს 54 ევროპული ნაკრები (რუსეთი კვლავ დისკვალიფიკაციითაა დასჯილი), რომლებიც 12 ოთხ და ხუთგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდებიან.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველომ 7 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა და ჯგუფში მხოლოდ კოსოვოს აჯობა. ჩვენი ჯგუფიდან მუნდიალზე პირველი ადგილით ესპანეთი გავიდა, მეორეადგილოსანი შვედეთი კი პლეი-ოფში დამარცხდა.

სხვა სტატიები