საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი კარიერას პოზნანის "ლეხში" გააგრძელებს. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი იქ 1-წლიანი იჯარის წესით ითამაშებს.
საინტერესოა, რომ წიტაიშვილის ტრანსფერს წინ საკმაოდ დიდი ბიუროკრატიული გაუგებრობა უძღოდა. საქმე ისაა, რომ ქართველ ფეხბურთელს კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აქვს, თუმცა პოლონურმა კლუბმა ისარგებლა FIFA-ს რეგულაციით, რომელიც უკრაინის და რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს აძლევს უფლებას კიდევ 1 წლის განმავლობაში თავიანთი გუნდები დატოვონ.
თუმცა საქმე ასე მარტივადაც არ არის, რადგანაც "ლეხს" ფეხბურთელის დარეგისტრირების უფლება 1 აგვისტომდე არ ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა რომ წიტაიშვილი პოლონეთის მოქმედ ჩემპიონთან ერთად ივარჯიშებდა, თუმცა ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, შედეგად, იგი გუნდს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ დაეხმარებოდა.
ეს პოლონური კლუბისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ, "ლეხმა" უკრაინელებთან შეთანხმებას მიაღწია, რის შემდეგაც, 21 წლის ქართველს დაარეგისტრირებს და ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობის უფლებას მისცემს. გარიგების შედეგად, კიევის "დინამო" "ლეხისგან" 100 000 ევროს მიიღებს.
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, "ლეხ პოზნანმა" "ყარაბახი" 1:0 დაამარცხა, გიორგი წიტაიშვილი კი სათადარიგოთა სკამზე იყო.