WTA Finals-ის გამარჯვებული რუსი გახდა | ანდრეევამ ფინალში სვიტოლინას მოუგო
რუსმა თინეიჯერმა - მირრა ანდრეევამ კალიფორნიაში გამართულ დაძაბულ ფინალში ელინა სვიტოლინა ორ სეტში, ანგარიშით 7-5, 6-3 დაამარცხა და სეზონის შემაჯამებელი ტურნირის, WTA Finals-ის გამარჯვებული გახდა.
საფრანგეთის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა, 19 წლის ანდრეევამ ტურნირი ისე მოიგო, რომ სეტიც კი არ დაუთმია. ის გახდა ისტორიაში მხოლოდ მესამე თინეიჯერი კრის ევერტისა და მარია შარაპოვას შემდეგ, რომელმაც WTA Finals-ი სადებიუტო ასპარეზობაზე მოიგო.
Elation for Mirra Andreeva 👏
— wta (@WTA) November 15, 2026
She defeats Svitolina 7-5, 6-3 in the desert to become FAGE WTA Finals CHAMPION!#FAGEWTAFinals | #TheUltimateStage pic.twitter.com/ikjH2THkWP
'ეს საოცარი გრძნობაა - რა თქმა უნდა, პრივილეგირებულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემი სახელი ამ დიდებულ ჯგუფს დაემატა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თავს იმისათვის, რომ არასდროს ვნებდები, მუდმივად მჯერა საკუთარი თავის, არ ვითხოვ დასვენების დღეებს, ვმუშაობ ყოველდღიურად და ბოლომდე ვიხარჯები იმისთვის, რისი კეთებაც მიწევს“. - განაცხადა მირა ანდრეევამ
თითქმის ორსაათიანი (1 საათი და 48 წუთი) დაუნდობელი ბრძოლა პირველ სეტშივე სანახაობრივი აღმოჩნდა. ანდრეევამ უპირატესობა ადრევე მოიპოვა და ანგარიში 2-0 გახადა, თუმცა გამოცდილმა უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ მეოთხე გეიმში ბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა (2-2). სეტის მიწურულს დრამამ პიკს მიაღწია - ანდრეევა სეტზე აწვდიდა (5-4), როდესაც ემოციების მოთოკვა ვერ შეძლო და ორმაგი შეცდომებით სვიტოლინას შანსი მისცა, ანგარიში გაეთანაბრებინა. მიუხედავად ამისა, რუსმა ჩოგბურთელმა მყისიერადვე უპასუხა მორიგი ბრეიკით და მეორე ცდაზე უკვე წარმატებით მიიყვანა საქმე ბოლომდე, რითაც პირველი სეთი თავის სასარგებლოდ დაასრულა (7-5).
მეორე სეთიც პირველის სცენარით წარიმართა - მაყურებელმა ხანგრძლივი გათამაშებები და ძლიერი დარტყმები იხილა. ანდრეევამ კვლავ წინ გაიჭრა, მაგრამ სვიტოლინამ მარათონულ მეორე გეიმში, სადაც მეშვიდე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ბრეიკი დაიბრუნა. მატჩის ბედი მე-9 გეიმში გადაწყდა, სადაც სვიტოლინა ანგარიშის შესანარჩუნებლად აწვდიდა. ბადესთან წარუმატებელი თამაშისა და სამი ჩემპიონშიპ-პოინტის მიღების შემდეგ, უკრაინელმა გადამწყვეტ მომენტში ბურთი ბადეში გაარტყა და გამარჯვება მირრა ანდრეევას დარჩა.