ნოვაკ ჯოკოვიჩი: "სიტყვები არ მყოფნის - დავამტკიცე, რომ ჩემი ჩამოწერა არ შეიძლება"
ავსტრალიის ღია პირველობის 1/2-ფინალში საოცარი და ისტორიული მატჩი შედგა. 38 წლის ნოვაჯ ჯოკოვიჩმა 5-სეტიან დრამაში მსოფლიოს მეორე ჩოგანი და ავსტრალიის ღია პირველობის ზედიზედ 2-გზის ჩემპიონი - იანიკ სინერი დაამარცხა (3:6; 6:3; 4:6; 6:4; 6:4).
ლეგენდარულმა და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ნოლემ, 24 წლის სუპერვარსკვლავი ზედიზედ 5 წაგებული დაპირისპირების შემდეგ დაამარცხა და კარგი შანსი აქვს, რომ ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში მე-11-ედ, ხოლო ჯამში კი ისტორიული 25-ე სლემი მოიგოს.
მატჩის დასრულების შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩი ძალიან ბედნიერი იყო და მისი მეტოქის წინააღმდეგ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„სიმართლე გითხრათ, ახლა სიტყვები არ მეყოფა რომ ეს გამარჯვება და ემოცია აღვწერო.
სიმართლე გითხრათ, ეს სიურეალისტურად ჟღერს. ოთხ საათზე მეტხანს ვთამაშობდი, აქ ახლა თითქმის ღამის 2 საათია. 2012 წელი მახსოვს, როდესაც ფინალში რაფას ვეთამაშე და ის მატჩი თითქმის ექვსი საათი გაგრძელდა.
დღევანდელ დაპირისპირებაში ჩოგბურთის ინტენსივობა და ხარისხი უკიდურესად მაღალი იყო და ვიცოდი, რომ ეს იყო ერთადერთი გზა, რაც დღეს მის წინააღმდეგ გამარჯვებაში დამეხმარებოდა.
მან ბოლო ხუთი მატჩი მოიგო ჩემს წინააღმდეგ და ხუმრობით რომ ვთქვა, მას ჩემი მობილურის ნომერი ჰქონდა, ამიტომ დღეისთვის ნომრის შეცვლა მომიწია.
ხუმრობას თავი დავანებოთ, ბადესთან ვუთხარი, მადლობა, რომ მინიმუმ ერთი გამარჯვება მომიტანე შენს წინააღმდეგ. უდიდეს პატივს ვცემ მას, იანიკი საოცარი მოთამაშეა და აპლოდისმენტებს იმსახურებს.
დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ღამე იყო, თუ არა საუკეთესო, ატმოსფეროსა და მხარდაჭერის თვალსაზრისით, რაც კი ავსტრალიაში მიმიღია.“ - ნოვაკ ჯოკოვიჩი
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი 1 თებერვალს გამთენიისას შედგება, სადაც მეშვიდე კარიერული სლემისთვის კარლოს ალკარასი იბრძოლებს, ხოლო 25-ე სლემისთვის ლეგენდარული სერბი გაიწევს.