Belive

კირიოსი მორიგ სკანდალში გაეხვა | ნიკი კოკაინის ტესტზე ჩავარდა

22 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

უიმბლდონის ყოფილი ფინალისტი, 31 წლის ნიკ კირიოსი ჩოგბურთიდან დროებით მოკვეთეს. მიზეზი კოკაინზე დადებითი ტესტია, რაც ჩოგბურთის კეთილსინდისიერების საერთაშორისო სააგენტომ (ITIA) ოფიციალურად დაადასტურა.

აკრძალული ნივთიერება (კოკაინი) ავსტრალიელის ორგანიზმში ივნისში, მაიორკას ტურნირზე აღებულ ნიმუშში აღმოჩნდა. კირიოსმა, რომლის კარიერული პიკი რეიტინგში მე-13 ადგილი იყო, მომხდარს „უპატიებელი შეცდომა“ უწოდა და საზოგადოებას ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

დროებითი დისკვალიფიკაცია ძალაში 4 აგვისტოდან შევიდა, მას შემდეგ, რაც WADA-ს ლაბორატორიამ ტესტის შედეგი დაადასტურა.

ამ ფაქტის შესახებ, ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა განცხადება გაავრცელა.

"ბოდიშს ვუხდი ჩემს გულშემატკივრებს, ოჯახს, სპონსორებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთან ახლოსაა. ყველაზე მეტად კი იმ ბავშვებს ვუხდი ბოდიშს, რომლებიც მე მისაბაძად მთვლიდნენ. მესმის, რა მაგალითს ვაძლევ მათ და საკუთარი თავის მიმართ ძალიან იმედგაცრუებული ვარ.

არ ვაპირებ თავის მართლებას, თუმცა მინდა გარკვეულად ავხსნა, თუ რა მდგომარეობაში ვიყავი. ბოლო რამდენიმე წლის ტრავმებმა ჩემზე, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ჩემი სხეული ვეღარ აკეთებდა იმას, რასაც ჩემი გონება მისგან მოითხოვდა და იმის გაცნობიერება, რომ ჩემი კარიერა დასასრულს უახლოვდება, იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი.

ყოველთვის ვამბობდი, რომ მე ჩოგბურთი არ ამირჩევია, ჩოგბურთმა ამირჩია მე. მაგრამ იმ რაღაცის გაშვება, რაც მთელი ჩემი ცხოვრება იყო, ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ აღმოჩნდა, რომლის წინაშეც ოდესმე დავმდგარვარ. ზოგჯერ თავს უსუსურად და მარტოდ ვგრძნობდი.

არცერთი ეს არ ამართლებს იმას, რაც გავაკეთე..." - ნიკ კირიოსი

ავსტრალიელმა თავის მართლება არ დაიწყო, თუმცა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მიღებული მძიმე ტრავმები მასზე ფსიქოლოგიურად ძალიან უარყოფითად მოქმედებდა.

კირიოსმა დროებითი შეჩერება არ გაასაჩივრა და განაცხადა, რომ 28 დღით სრულიად ჩამოშორდება სოციალურ ქსელებსა და საჯარო ცხოვრებას, რათა საკუთარი ფსიქიკური თუ ფიზიკური მდგომარეობის მოწესრიგებაზე იზრუნოს.