Belive

იანიკ სინერმა კარიერაში პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო

10 თვის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ავსტრალიის ღია პირველობას ახალი ჩემპიონი ჰყავს. 22 წლის ამომავალი ვარსკვლავი, იანიკ სინერი დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული პირველად გახდა. ფინალი უკიდურესად დაძაბული აღმოჩნდა, იტალიელმა საოცარი ქამბექი შეასრულა და მაშინ, როდესაც სეტებში 0-2 აგებდა, ზედიზედ 3 სეტი აიღო და რუს დანილ მედვედევს ჩემპიონობა ჩიბიდან ამოაცალა.

შეხვედრა მედვედევის სრული უპირატესობით დაიწყო და პირველი 2 სეტი ერთნაირი ანგარიშით (6:3/6:3) მოიგო, თითქოს გამარჯვება მარტივად მოდიოდა, თუმცა სწორედ აქ დაიწყო სინერმა თამაშის შემოტრიალება - შემდეგი 2 სეტი უკვე იტალიელმა მოიგო ერთნაირი ანგარიშით (6:4/6:4). მეხუთე, გადამწყვეტ სეტში სინერს 1 ბრეიკის შესრულება ეყო იმისტვის, რომ კარიერაში პირველ გრანდ სლემს დაუფლებოდა (6:3). იანიკი ტურნირზე მეოთხე ნომრად იყო განთესილი და მელბურნში ის თავის პირველ ფინალს თამაშობდა.

იტალიელმა მოთამაშემ შთამბეჭდავი სვლა ნოვაკ ჯოკოვიჩის განადგურებით დაიწყო, რითაც დაასრულა ავსტრალიის ღია პირველობის 10-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩის 33-მატჩიანი მოგების სერია. "მელბურნ პარკზე" სინერმა ნახევარფინალი ოთხ სეტში მოიგო. აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩს არასოდეს წაუგია ავსტრალიაში მაშინ, როდესაც საუკეთესო ოთხეულში იყო გასული.

მედვედევმა 2021 წელს US Open-ის ტიტული მოიგო, მაგრამ მას შემდეგ 4 სხვა ფინალი დათმო, მათ შორის ავსტრალიაში 2021 და 2022 წლებში.

სხვა სტატიები