Belive

დომინიკ ტიმისთვის სეზონი დასრულებულია | 2021 წელი ფედერერის, ნადალის და ტიმის გარეშე გაგრძელდება

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
2021 წლის საჩოგბურთო სეზონის დასკვნით ფაზაშია გადასული – საჩოგბურთო სამყარო წლის უკანასკნელი დიდი სლემის ტურნირის, ამერიკის ღია პირველობის მოლოდინშია. ტურნირის დაწყებამდე გარკვეული პერიოდით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ როჯერ ფედერერი 2021 წლის სეზონზე კორტზე აღარ დაბრუნდება, რომლის მიზეზიც მის მუხლზე მორიგი აუცილებელი ქირურგიული ჩარევაა. ფედერერთან ერთად წლევანდელ სეზონს რაფაელ ნადალიც გამოტოვებს, ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა. დიდი ტრიოს ორი ლეგენდარული წევრის შემდეგ, ჩოგბურთის წლევანდელი სეზონი კიდევ ერთი ვარსკვლავის - დომინიკ ტიმის გარეშე რჩება, რომელმაც ასევე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მაჯის ტრავმის რეაბილიტაციის პროცესი საგრძნობლად გაეწელა და 2021 წელს კორტზე ვეღარ დაბრუნდება. დომინიკ ტიმს ამერიკის ღია პირველობის ტიტული ჰქონდა დასაცავი, თუმცა მოცემულობიდან გამომდინარე მას მსოფლიო რეიტინგში ავტომატურად მოაკლდება 2,000 ქულა, რომელიც გასულ წელს ამერიკული ტურნირის მოგების შედეგად მოიპოვა, რაც საგრძნობლად აისახება მასზე და მნიშვნელოვან რეიტინგულ დაღმასვლას გამოიწვევს. როგორც ზემოთხსნებულიდან იკვეთება, დომინიკ ტიმი რეიტინგის TOP 8 ჩოგბურთელიდან მესამე ჩოგბურთელია, რომელიც როგორც წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირზე, ასევე წლის შემაჯამებელ ტურნირზეც არ იქნება წარმოდგენილი, რაც ერთი მხრივ სხვა ჩოგბურთელებს დიდ შანსს აძლევს, რომ ნოემბერში, ლონდონში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ითამაშონ.

სხვა სტატიები