Belive

ავსტრალიის ღია პირველობა | ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

1 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

16 იანვარს, 2023 წლის პირველი დიდი სლემის შეჯიბრი - ავსტრალიის ღია პირველობა იწყება.

დიდ სლემს 1/64-ფინალიდან დაიწყებს საქართველოს #1 ჩოგბურთელი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მეტოქეც მსოფლიოს მერვე ნომერი, ამერიკელი - ტეილორ ფრიცი იქნება. შეხვედრა 16 იანვარს, თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული.

ბასილაშვილი Vs. ფრიცი | ურთიერთშეხვედრები

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ტეილორ ფრიცი ერთმანეთს კარიერაში ოთხჯერ შეხვედრიან, საიდანაც 2-ჯერ ქართველმა გაიმარჯვა, 2 გამარჯვება კი ამერიკელ ჩოგბურთელს დარჩა.

ქართულ-ამერიკული დაპირისპირება პირველად 2017 წელს ჩინეთში შედგა, სადაც ფრიცმა სამ სეტში (6:3; 3:6; 6:1) გაიმარჯვა.

მეორე დაპირისპირება კატარის დედაქალაქ დოჰაში შედგა, სადაც ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორ სეტში (6:7; 1:6) გაიმარჯვა, საბოლოოდ კი დოჰას ტურნირიც გამარჯვებით დახურა, სადაც ფინალში ესპანელი - ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.

ბასილაშვილი და ფრიცი მესამედ ერთმანეთს დუბაიში დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ამერიკელ ჩოგბურთელს დარჩა. სამსეტიანი დაპირისპირება აშშ-ელი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა (4:6; 6:3; 7:6).

ბოლო დაპირისპირება კი ინდიან უელსის ნახევარფინალში, 2021 წელს შედგა, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტეილორ ფრიცი ორ სეტში (6:7; 3:6) დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, თუმცა ფინალში ბრიტანელ - კამერონ ნორთან დამარცხდა.

2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობა - ნიკოლოზ ბასილაშვილი

2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე ეტაპზე, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ჩოგბურთელთან, ბრიტანელ - ენდი მარისთან დრამატულ, 5-სეტიან (1:6; 6:3; 4:6; 7:6; 4:6) დაპირისპირებაში დამარცხდა.

ავსტრალიის დიდ სლემზე, ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერის საუკეთესო შედეგი მესამე ეტაპზე გასვლაა, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა 2018 და 2019 წლებში შეძლო.

სხვა სტატიები