ATP რეიტინგი განახლდა | ნიკოლოზ ბასილაშვილის შესანიშნავი წინსვლა
2 დღის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ATP-ის რეიტინგი განახლდა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შესანიშნავი წინსვლა აქვს. 32 წლის ქართველი ჩოგბურთელი 96 საფეხურით დაწინაურდა და ახლა მსოფლიო რეიტინგის 215 პოზიციაზეა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოახერხა და სეულის 100-ქულიანი ჩელენჯერის ტურნირი მოიგო, ფინალში მან პირველ ნომრად განთესილი იაპონელი ტარო დანიელი ორ სეტში (7:5, 6:4) დაამარცხა.
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი მე-16 პოზიცია იყო.
ნიკოლოზ ბასილაშვილს მომდევნო ტურნირზე მონაწილეობაც უკვე ჩანიშნული აქვს. ქართველი იაპონიის ჩელენჯერს ითამაშებს, რომელიც 75-ქულიანია, იქ ნიკოლოზი იტალიელს, ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ მატია ბელუჩის შეხვდება. დაპირისპირება ხვალ, 5 ნოემბერს დილის 06:30 საათზეა ჩანიშნული.